უცხოური გრანტები

რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების აკრძალვას ყაველაშვილმა ხელი მოაწერა

გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 16 აპრილს მოაწერა. ივანიშვილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეჟიმის ნებართვის გარეშე უცხოური გრანტის მიღების აკრძალვას მესამე მოსმენით მხარი ამავე დღეს დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 82 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

ცნობისთვის, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება, ამასთან დაკავშირებით ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შევიდა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების წარდგენა 7 აპრილს მოხდა, კანონპროექტი დაჩქარებული წესით 16 აპრილს მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს.

ამავე ცვლილებებით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე და ასევე, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

ამასთან ერთად, თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი. 

კომენტარები