ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ გრანტების კანონში ცვლილებების განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თუკი გრანტის მიღებაზე მთავრობის თანხმობის გაცემის შემდეგ შეიცვლება გრანტის მიზანი ან თუკი მიმღები უმიზნოდ დახარჯავს აღნიშნულ თანხას, ამ შემთხვევაში თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვლება და დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.
"თანხმობის გარეშე გრანტის გაცემად ასევე ჩაითვალოს უკვე თანხმობაგაცემულის მიზანი თუ შეიცვლება და მიზნის გარეშე თუ დახარჯავს თანხას მიმღები, ესეც თანხმობის გარეშე გაცემულ გრანტად ჩაითვალოს და შესაბამისად ამაზე კონტროლს განახორციელებს ანტიკორუფციული ბიურო და ამავდროულად ის პასუხისმგებლობები დადგეს, რაც არის გათვალისწინებული". - თქვა გორდულაძემ.
გორდულაძემ ასევე ისაუბრა ახალ დამატებაზე, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ექნება რომ არა მარტო გრანტის ხელშეკრულებაზე, არამედ წვდომის უფლება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც საჭირო იქნება "ამ საკითხის განხილვის ფარგლებში".
მეორე პუნქტშიც გთავაზობთ, რომ დაკონკრეტდეს, რომ მთავრობას ექნება დამატებითი უფლებამოსილება, რომ არა მხოლოდ ხელშეკრულება და ხელშეკრულებაში გაწერილი საკითხები შეისწავლოს, არამედ შესაძლებელია, რომ ამ საკითხის განხილვის ფარგლებში სხვა დამატებითი დოკუმენტები, სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნაც იყოს რელევანტური - რათა თანხმობა იყოს გაწერილი. ამისათვის, გთავაზობთ, რომ კანონპროექტში ჩაეწეროს - გადაწყვეტილების მისაღებად გრანტის გამცემს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა.
კომიტეტზე ასევე განიხილეს ახალი დაამატა, რომლის მიხედივითაც ანტიკორუფციულ ბიუროს შეეძლება ინდივიდის "მიღებული სახსრების" შემოწმება და თუკი "ეს აღმოჩნდება გრანტი შემდეგ დაიწყოს ის პროცედურა, რომელიც კანონპროექტით არის შემოთავაზებული".
"შეიძლება რომ ადამიანებმა საერთოდ არ მიმართონ მთავრობას და გვერდი აუარონ საკანონმდებლო ჩარჩოს, ამიტომ უნდა იყოს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ თავისი შინაარსით საქართველოში პირის მიერ მიღებული სახსრები არის გრანტი და რომელიც საჭიროებდა თანხმობას, ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაამოწმოს ეს სახსრები და თუკი ეს აღმოჩნდება გრანტი შემდეგ დაიწყოს ის პროცედურა, რომელიც კანონპროექტით არის შემოთავაზებული". - თქვა გორდულაძემ.





