ნიკა მელიას დაკავება

ადვოკატი: მივმართეთ სასამართლოს, დღევანდელ პროცესზე ნიკა მელიას ეტაპირება მოხდეს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლოს ოფიციალური წერილით მიმართეს, რათა დღევანდელ სხდომაზე მელიას ეტაპირება მოხდეს. 

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, მელიას სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

"ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ სასამართლოს წერილობით და მოვითხოვეთ, ვინაიდან ნიკა მელია არის დაკავებული უკანონოდ, გატაცებული პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მოვთხოვეთ სასამართლოს რომ უზრუნველყოს მისი ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ნიკა მელიას მიეცემა შესაძლებლობა დეტალებში მოჰყვეს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ, მასთან მიმართებით პოლიციის ათეულობით მუშაკის მხრიდან". - განაცხადა კონდახიშვილმა.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები