ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა მელია წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. მისი შეფასებით, "ეს იყო კრიმინალური გატაცება".
"საპატრულო პოლიცია იყო გამოყენებული ინფორმაციიის მისაღებად, როგორც კი გააჩერეს და დარწმუნდნენ, რომ ნიკა იჯდა მანქანაში, გადასცეს რაციაზე, რომ ობიექტი მანქანაშია... ამის შემდგომ, ოთხივე კარი ერთდროულად გაიღო და წარმოუდგენელი ხდებოდაო. ალბათ განგებ იყო შერჩეული ისეთი ადგილი, სადაც სავარაუდოდ არავითარი გარე სათვალთვალო კამერები არ არის, ლისის მიმდებარედ, სადაც უკვე გადასახვევია. თვითონ მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა კი მოგლიჯეს...
ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს ნიკას, იქცეოდნენ, როგორც კრიმინალები, სამარშრუტო მანქანაში დააგდეს იატაკზე, სადაც დაახლოებით ათმა პოლიციელმა ძალადობით, შეურაცხყოფით წაართვა ტელეფონი, ცდილობდნენ ტელეფონიდან ინფორმაციიის მიღებას, ვინაიდან FACE ID უყენია, ცდილობდნენ მის სახეზე მინათებას, მაგრამ ვერ გახსნეს" - ამბობს კონდახიშვილი.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო უზრუნველყოფს ნიკა მელიას სხდომაზე გამოცხადებას და დაკავებულს მიეცემა შესაძლებლობა, თავად გააკეთოს განმარტება.
"მას მოექცნენ როგორც უკანასკნელ კრიმინალს, არავითარი განმარტება, არავითარი ზარის უფლება, მიაყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფა, დააგდეს სამარშრუტო ტაქსის იატაკზე, მას აქვს დაზიანებები მაჯის არეში. იქცეოდნენ როგორც ველურებიო - ნიკა ასე გადმოსცემს, თვითონაც არის გაოგნებული.
ყოველ ხუთ წუთში უღებდნენ ვიდეოს და უგზავნიდნენ ხელმძღვანელს, ალბათ, ეს ახალი გატაცებაა, რომ დაკავებულ პირს უღებენ ვიდეოს და ვიღაცას ანიჭებს სიამოვნებას ამ კადრებით.
ორივე მაჯის არეში აქვს დაზიანება, ვინაიდან, სანამ არ შეიყვანეს შენობაში ძალიან მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი...
ნიკას გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე, ღიმილისმომგვრელია მისთვისაც ამგვარი გავეშებული ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროსი. აუხსნელია ეს ყველაფერი. თუ ამას ვიღაც ცხელთავიანი აკეთებდა იმისთვის, რომ ხვალ ნიკას დაპატიმრება ყოფილიყო მშვიდ ვითარებაში, მე მგონი, კონტრპროდუქტიულია ეს ყველაფერი, წარმოუდგენელია, პოლიტიკურ ლიდერს აკავებდე უსაფუძვლოდ, პრევენციის მიზნით, არღვევდე კანონს, კრიმინალურ დავალებას აძლევდე შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამის შემდგომ ელოდო, რომ ამასთან დაკავშირებით ადამიანებს არ ექნებათ რეაქცია" - ამბობს ადვოკატი TV პირველთან.
გიორგი კონდახიშვილის შეფასებით, სახეზეა პირის განზრახ უაკანონო დაკავება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
"ეს არის სამოხელეო დანაშაული, რომელიც არის ძალიან დიდი ხანდაზმულობის მქონე და ძალიან მიკვირს იმ პოლიციელების, რომლებიც ბრმად ასრულებენ მსგავსი სახის დავალებებს" - ამბობს ის.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისის საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის შეურაცხყოფას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა 30 მაისის 00:00 საათამდე ჰქონდა. სასამართლო პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.





