საქართველოს დაზვერვის სამსახური

იურიდიულმა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურის სუს-ის მმართველობაში გადასვლას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტით, უშუალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და ის სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად, ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.

"დაზვერვის სამსახური, ამ პროექტით, გარდაიქმნება სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად, მისი სახელი იქნება ეროვნული სადაზვერვო სააგენტო. ამ სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სუს-ის უფროსი. სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება სუს-ის უფროსის წინაშე და სამსახურებრივ ზედამხედველობას ამ სააგენტოზე ასევე სუს-ის უფროსი განახორციელებს.

საპარლამენტო კონტროლს პარლამენტი შემდეგი მეთოდებით განახორციელებს - ეროვნული სადაზვერვოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასახული იქნება სუს-ის უფროსის ყოველწლიურ ანგარიშში და პარლამენტს ეს ანგარიში ყოველ წელს, არაუგვიანეს 15 აპრილს წარედგინება.

[...] სუს-ის უფროსი ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტის ნდობის ჯგუფს მოხსენებას წარუდგენს წინა წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ, მათ შორის, ეროვნული სადაზვერვო საქმიანობის სფეროში. [...] სუს-ის უფროსი ნდობის ჯგუფს და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს წარუდგენს საიდუმლო შესყიდვების შესახებ ინფორმაციასაც. [...]" - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა კომიტეტზე კანონპროექტის წარდგენისას.

ცნობისთვის, 2025 წლის 2 აპრილს ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსად დანიშნა. ოხანაშვილის ყოფილ თანამდებობაზე, ივანიშვილის იუსიტიციის მინისტრად კი პაატა სალია დაინიშნა.

კომენტარები