კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, გრიგოლ გეგელია ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაგეგმილ ცვლილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უშუალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის.
"ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი, მიზანმიმართული და ღია თავდასხმა ქართულ ეროვნულ ინსტიტუტებზე - მით უმეტეს, ისეთ დამოუკიდებელ ეროვნულ ინსტიტუტზე, რომელშიც მრავლად არიან ისეთი ადამიანები, ვისთვისაც რუსეთი და პრორუსული პოლიტიკური კურსი მიუღებელია. სწორედ ამ ხალხს აქვს დასავლეთის სააგენტოებთან თანამშრომლობის ყველაზე ინტენსიური, ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება, რაც მიუღებელია რუსეთისთვის და შესაბამისად, საქართველოს პრორუსული ხელისუფლებისთვისაც, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამოკიდებელი ეროვნული ინსტიტუტები შეჩერდეს.
ეს გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის კლებას, მისი ხარისხის ვარდნას და ამავე დროს, ჩვენს სახელმწიფოს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის იმ უმძიმესი გამოწვევების ფონზე, რომელშიც საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ ეპოქაში, საქართველო იმყოფება [...] ეს გადაწყვეტილება სუს-ის დამატებით გაძლიერებას და მის კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცვლელად გადაქცევას გამოიწვევს". - თქვა გეგელიამ.
უშუალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და ის სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად, ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.
საკანონმდებლო ინიციატივით, ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.





