საზღვაო ძალების მოდერნიზაციის მცდელობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თვალწინ დაზიანდა ფხენიანის მეორე საზღვაო გამანადგურებელი, რომელსაც სპეციალური ცერემონიის ფარგლებში უნდა გაეცურა.
ეს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ფხენიანი სამხედრო წარუმატებლობების შესახებ ინფორმაციას ფაქტობრივად არასდროს ავრცელებს. AP News-ი წერს, რომ ექსპერტების აზრით, შემთხვევის გასაჯაროება იმაზე მიუთითებს, რომ კიმ ჩენ ინი სერიოზულად უდგება საზღვაო ძალების განვითარების პროგრამას და დარწმუნებულია, რომ ამ მიზანს მიაღწევენ.
ხომალდის გაცურვის ღონისძიება საპორტო ქალაქ ჩონჯინში 21 მაისს იმართებოდა. პროპაგანდისტული კორეის სიახლეების ცენტრალური სააგენტოს (KCNA) ინფორმაციით, 5000-ტონიანმა გამანადგურებელმა წონასწორობა დაკარგა და მისი ქვედა ნაწილი დაზიანდა. KCNA არ აზუსტებს თუ რამდენად სერიოზული იყო დაზიანება და არიან თუ არა დაშავებულები.
KCNA-ს ცნობით, მომხდარში კიმ ჩენ ინმა დაადანაშაულა სამხედრო მაღალჩინოსნები, მეცნიერები და პორტის ოპერატორები. კიმ ჩენ ინის თქმით, "სერიოზული შემთხვევა და კრიმინალური ქმედება გამოწვეულია აბსოლუტური წინდაუხედაობით, უპასუხისმგებლობითა და არამეცნიერული ემპირიზმით".
სავარაუდოდ, დაზიანებული გემი ეკუთვნის იმავე კლასის გამანადგურებლებს, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეის პირველი საზღვაო გამანადგურებელი წარმოადგენდა. ამ ხომალდის გაცურვის ცერემონია 25 აპრილს ჩატარდა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის მეთაურის თქმით, დაზიანებული ხომალდი ამჟამად პორტის ნაპირზე, ზღვაშია გადაყირავებული. მისივე თქმით, გამანადგურებელი შეიარაღებული უნდა ყოფილიყო იმავე სისტემებით, როგორითაც 25 აპრილს გაშვებული გემი იყო.
Open Source Centre-ი ავრცელებს სატელიტურ ფოტოს, რომელშიც ცალ მხარეს გადატრიალებული ხომალდი ჩანს.

სამხრეთკორეელი მაღალჩინოსნები და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ფხენიანს საზღვაო გამანადგურებლების შენებაში რუსეთი ეხმარებოდა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ხომალდის დაზიანების შესახებ გავრცელებული ცნობიდან მცირე ხნის შემდეგ ფხენიანმა რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გამოცადა.