ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა მემკვიდრედ 13 წლის ქალიშვილი აირჩია – სამხრეთ კორეის დაზვერვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და მისი ქალიშვილი, კიმ ჯუ ე

12 თებერვალს სამხერთ კორეის კანონმდებლებს ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (NIS) წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა თავის მემკვიდრედ საკუთარი 13 წლის ქალიშვილი შეარჩია.

ბოლო თვეებში კიმ ჯუ ე მამის გვერდით არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩნდა, მათ შორის სექტემბერში პეკინში ვიზიტისას, რაც მისი საზღვარგარეთ გამგზავრების პირველი საჯაროდ ცნობილი შემთხვევა იყო.

12 თებერვალს დეპუტატმა ლი სონგ-ქვენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯუ ე, რომელიც მანამდე NIS-ის მიერ "მემკვიდრედ მომზადების" პროცესში მყოფად იყო აღწერილი, ახლა უკვე "მემკვიდრედ დანიშვნის" ეტაპზე იმყოფება.

ჯუ ე კიმ ჩენ ინისა და მისი მეუღლის, რი სოლ ჯუს, ერთადერთი საჯაროდ ცნობილი შვილია. NIS მიიჩნევს, რომ კიმ ჩენ ინს უფროსი ვაჟიც ჰყავს, თუმცა ის საჯაროდ არასდროს გამოჩენილა.

კიმ ჯუ ე მამამისთან ერთად საჯაროდ პირველად 2022 წელს გამოჩნდა. მაშინ მამა-შვილი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ხელჩაკიდებული დაესწრო.

კომენტარები