საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ერევანი-ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებლის მოძრაობა 14 ივნისიდან განახლდება - მიმოსვლის შესახებ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სამხრეთ კავკასიის რკინიგზის წარმომადგენლობასთან.
"შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1 ოქტომბრამდე შესრულდება" - წერია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ინფორმაციით, მატარებელი დღეგამოშვებით იმოძრავებს, ლუწ რიცხვებში - ერევნიდან, კენტ რიცხვებში კი - ბათუმიდან. ბილეთების გაყიდვა უახლოეს მომავალში დაიწყება. მარშრუტის მოქმედების პერიოდში - 14 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე - ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე მატარებლის მოძრაობა გაუქმდება.
ერევნიდან ბათუმამდე მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 16 საათია. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება სომხეთისა და საქართველოს რკინიგზის მთავარ სადგურებში, ასევე ონლაინ.





