სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთეს.
კობახიძის თქმით, რეგიონში შექმნილი "საკმაოდ რთული ვითარებიდან გამომდინარე", მნიშვნელოვანია სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამტკიცება.
"ვხედავთ, რომ არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი ჩვენ გარშემო და მითუმეტეს ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის.
რა თქმა უნდა, ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონე ჩვენი თანამშრომლობის, თუმცა არსებობს ბუნებრივია მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს.
მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის". - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.
"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურიზმს და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ძალიან ღირებულია ჩვენთვის თანამშრომლობის ეს ასპექტი - სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა, მოხარული ვართ, რომ ტურიზმის კუთხით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში, რომ ესტუმრონ სომხეთს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ამ კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად განვითარებას". - თქვა კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერმა ასევე ისაუბრა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებაზე - "მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ჩვენს მზაობას, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას".





