საქართველო-სომხეთი

ფაშინიანის თქმით, საქართველოს მხარეს არ მოუთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე ესაუბრა

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში  
European Parliament  

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მას ქართული მხრიდან არ მიუღია მოწოდება, რომ მათზე ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას ესაუბრა.

"საქართველოს მხრიდან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგები, რომლებზეც ერთად ვმუშაობთ. მე ჩემი შეშფოთება გამოვხატე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რადგან მართლაც გვაშფოთებს ის ვითარება, რომელიც არსებობს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში, ეს გვაწუხებს," - განაცხადა მან მედიასთან.

ცნობისთვის, 11 მარტს, ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლისას, ფაშიანიანმა თქვა, რომ სომხეთისთვის ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, საქართველოს და ევროკავშირს შორის "გაყინული" პოლიტიკური დიალოგია.

"უდიდესი პრობლემა სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ამჟამად არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგი. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების დაწყების პროცესის კანონი მივიღეთ მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამან სომხეთის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ველით და ვითხოვთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესის განვითარებას," - აღნიშნა ფაშინიანმა.

 
 

კომენტარები