რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური ინტერესი არ გააჩნია – კალასი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, არ ფიქრობს, რომ რუსეთს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური ინტერესი გააჩნია. 

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ინტერესი მშვიდობაა. ისინი კვლავაც ბომბავენ უკრაინას. მშვიდობის ინტერესი რომ ჰქონოდათ, ახლავე შეწყვეტდნენ ამას". - თქვა კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე რეპორტიორებთან საუბრისას. 

"ცხადია, რომ რუსეთი თამაშს თამაშობს, ცდილობს, დრო მოიგოს". - აღნიშნა კალასმა. 

ცნობისთვის, 11 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტამბოლში მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლება მოითხოვა. 

პუტინის მტკიცებით, სტამბოლის პირდაპირი მოლაპარაკებები 2022 წელს თავად უკრაინულმა მხარემ ჩაშალა.

"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.

13 მაისს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ პუტინიც იქ იქნება. 

ამასთან, 12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს აღნიშნულ მოლაპარაკებებს. 

13 მაისიდან ტრამპი საუდის არაბეთს, გაერთიანებულ არაბთა საამიროებსა და კატარს ეწვევა. 

ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით "ხუთშაბათის შეხვედრამ თურქეთში, რუსეთსა და უკრაინას შორის, შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს".

"არ ვიცი ზუსტად სად ვიქნები იმ კონკრეტულ დროს. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ ჩავფრინდებოდი იქ, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

კომენტარები