რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპმა თურქეთში რუსეთ-უკრაინის შეხვედრაზე ჩასვლის მზადყოფნა გამოთქვა

Jim Watson/AFP/Getty Images

12 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა მზადყოფნა, შეუერთდეს რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს, რომლებიც 15 მაისს თურქეთში არის დაგეგმილი.

ამ კვირაში ტრამპი გეგმავს ეწვიოს საუდის არაბეთს, გაერთიანებულ არაბთა საამიროებსა და კატარს.

ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით "ხუთშაბათის შეხვედრამ თურქეთში, რუსეთსა და უკრაინას შორის, შეიძლება კარგი შედეგი გამოიღოს".

"არ ვიცი ზუსტად სად ვიქნები იმ კონკრეტულ დროს. სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ ჩავფრინდებოდი იქ, თუ ჩავთვლიდი, რომ ეს სასარგებლო იქნებოდა" - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.

"ხვალიდან ჩვენ სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით, რათა დიპლომატიისთვის საჭირო საფუძველი შეიქმნას. მკვლელობების გახანგრძლივებას აზრი არ აქვს და მე ხუთშაბათს პუტინს პირადად დაველოდები თურქეთში. იმედია, რუსები ამჯერადაც არ დაიწყებენ გამამართლებელი მიზეზების ძიებას" - ასე ზელენსკიმ უპასუხა პუტინის წინადადებას 11 მაისს

10 მაისს უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და პოლონეთმა რუსეთისადმი წაყენებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ზემოხსენებული ქვეყნების ლიდერები 10 მაისს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეხვედრა გამართეს. 

კიევში გამართულ შეხვედრაში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ლიდერებმა მასთან ინიციატივის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. 

კომენტარები