MEGOBARI აქტი

პაპუაშვილი: MEGOBARI აქტის საპასუხო განცხადება მოვამზადეთ, პარლამენტი განიხილავს

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ ფრაქციების თავმჯდომარეებმა MEGOBARI აქტის საპასუხოდ განცხადება მოამზადეს, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

"დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერის წერილი აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ, რომელიც ეხება, მათ შორის, MEGOBARI აქტის საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში, ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, მოვამზადეთ განცხადება პარლამენტის, რომელიც ეხება ამ ე.წ. MEGOBARI აქტს, სადაც მოცემულია ჩვენი შეფასებები და პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავართ მე და ყველა ფრაქციის თავმჯდომარე, გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, მე ვიქნები მომხსენებელი ამ საკითხზე და განხილვები ხვალ შედგება პარლამენტში, როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.

[...] ჩვენი მიზანი, როგორც ყოველთვის არის, რომ ყველას ვაჩვენო რა არის რეალობა არგუმენტებზე დაყრდნობით და ასევე, გავაკეტოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგან გაგებას, რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიღებული ამ აქტით". - თქვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 5 მაისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა

აქტი ამერიკის პრეზიდენტს ივანიშვილის რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.

კომენტარები