ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, MEGOBARI აქტის ერთადერთ მიზანს "საინფორმაციო ხმაურის შექმნა" წარმოადგენს და სინამდვილეში აღნიშნულ დოკუმენტს "შინაარსიც კი არ გააჩნია".
პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემა ღამის კურიერში ისიც თქვა, რომ ეს აქტი, მიღების შემთხვევაში, ვერ დაავალდებულებს აშშ-ს პრეზიდენტს სანქციების დაწესებას, რადგან არის "კონგრესის სხვადასხვა წევრის პოლიტიკური მოსაზრებების ნაზავი და მეტი არაფერი".
"სინამდვილეში ამ დოკუმენტს აქვს მხოლოდ ერთი მიზანი - ეს არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა, მეტი არაფერი. სინამდვილეში ამ დოკუმენტს შინაარსიც კი არ გააჩნია, რადგან აშშ-ს პრეზიდენტს არავისი უფლებამოსილება არ სჭირდება თუ ვინმეს დასანქცირებას გადაწყვეტს და თან აშშ-ს პრეზიდენტს, მათ შორის, ეს აქტი ვერ დაავალდებულებს სანქცირების დაწესებას. წერტილი. ეს დოკუმენტი არის კონგრესის სხვადასხვა წევრის პოლიტიკური მოსაზრებების ნაზავი და მეტი არაფერი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, აშშ-ს პრეზიდენტს არათუ სანქციები, სამი თვე შეუძლია ომი ისე აწარმოოს, კონგრესს არ ჰკითხოს საერთოდ. სანქციების დაწესება და ტარიფების აწევა და ა.შ. კი ვუყურებთ. ამიტომ, ამ დოკუმენტის ერთადერთი დანიშნულება არის საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს არის იგივე სერიიდან, საიდანაც არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, ჩეხეთის, ლიტვის, ესტონეთის, რა ვიცი". - თქვა პაპუაშვილმა.
ოცნების გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა MEGOBARI აქტის ინიციატორ რესპუბლიკელ კონგრესმენზე, ჯო უილსონზე და თქვა, რომ უილსონი 2024 წელს "ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში ქართული ოცნების წინააღმდეგ და პირადად დამარცხდა ამ არჩევნებში".
"[...] ერთის მხრივ, ეს არის საინფორმაციო ხმაური და მეორე, ინიციატორი ვინც არის, ბატონი ჯო უილსონი, ეს ადამიანი ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში ქართული ოცნების წინააღმდეგ და პირადად დამარცხდა ამ არჩევნებში, იწვნია პირადად მარცხი. ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა, რომ იწუნებს მის არჩევანს და ნაციონალურ მოძრაობას ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭრეს - ის დამარცხდა [...] გაბრაზებულნი არიან და ცდილობენ ვენდეტა იყოს". - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, 5 მაისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა.
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა გამოაქვეყნა სია, თუ ვის შეეხება სანქციები MEGOBARI აქტის ფარგლებში, მისი საბოლოო დამტკიცების შემდეგ.
"შემდეგი პირები ეხმარებიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში ჩაყენებაში". - წერია დოკუმენტში.





