სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შესაბამისი დანაყოფები "მორიგ ცრუ შეტყობინებაზე" მუშაობენ - ასე გამოეხმაურა უწყება ინფორმაციას თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ.
ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკის საელჩომ გაავრცელა. მათ განცხადებაში საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდეს, თავი აერიდებინათ თბილისის სამ ლოკაციაზე ყოფნისგან.
სუს-მა ამერიკის საელჩოს "მეტი პასუხისმგებლობისკენ" მოუწოდა.
"მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან." - წერს სუს გავრცელებულ განცხადებაში.





