MEGOBARI აქტი

კონკრეტულ მომენტში "დიფსთეითმა" სძლია ტრამპის ადმინისტრაციას – კობახიძე MEGOBARI აქტზე

ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, რომელიც დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს, ამბობს, რომ MEGOBARI აქტის მიღებით კონკრეტულ მომენტში "დიფსთეითმა სძლია ტრამპის ადმინისტრაციას". კობახიძის თქმით, მას აქვს "ოპტიმისტური მოლოდინი", რომ  საბოლოო ჯამში პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს "დიფსთეითს". 

"MEGOBARI აქტი სინამდვილაში არის ძალიან მტრული და აქ ვლინდება კიდევ ერთხელ ორუელისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა, ამის გაგრძელებაა. როგორ შეიძლება MEGOBARI ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიმართ და მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამსჭვალული. ეს არის, რა თქმა უნდა, მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და "დიფსთეითს" შორის. როდესაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში "დიფსთეითმა" სძლია ტრამპის ადმინისტრაციას. ეს ვიხილეთ ჩვენ ორიოდე დღის წინ. 

ჩვენ ვაცხადებდით თავიდან და გვაქვს ჯერ კიდევ ამის მოლოდინი, რომ თუ ტრამპი დაამარცხებს დიფსტეიტს, ამ შემთხვევაში დალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის" - ამბობს კობახიძე. 

ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, ჯო ვილსონი თავიდან ბოლომდე "დიფსთეითია". 

"არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის, არამედ დიფსთეითის გავლენის ქვეშ. ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე დიფსთეითი.

[...] მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს დიფსტეიტს" - თქვა კობახიძემ. 

კომენტარები