პატიმრის გარდაცვალება

გლდანის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის საქმეში სახალხო დამცველი ჩაერთო

რუსთავი2

გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმრის საქმის გამოძიებაში სახალხო დამცველი ჩაერთო.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები თბილისის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდნენ და საქმის მასალების შესწავლა დაიწყეს.

ნინო ლომჯარიას მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ფორმალურად ხდება მისი აღრიცხვა და შიმშილობის ფაქტის შესახებ სახალხო დამცველს ატყობინებენ. თუმცა, მისი თქმით, ასეთი ცნობა არ მისულა. 

"შესაბამისად, ის დოკუმენტაცია, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლები გაეცნენ, მითითებული არ არის მასში, რომ ეს პატიმარი შიმშილობდა. უბრალოდ, მითითებული იყო, რომ გარკვეულ საკვებს ის არ იღებდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი აღნიშვნა არის გაკეთებული, მარგამ პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით მითითება არ ყოფილა. ამ საკითხს ჩვენები სწავლობენ, უფრო მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ, გამოკითხავენ სხვადასხვა პირებს და სრულ სურათს როდესაც შევქმნით, შემდგომ გვექნება შეფასების გაკეთების შესაძლებლობა," - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ფასიეშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის შეთავაზებულ დახმარებაზე უარს აცხადებდა.​

მათივე ცნობით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა დაიწყო, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა. 17 დეკემბერს კი, ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარე წლის 12 ივლისს, გიორგი თავართქილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ფასიეშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდება 31 ივლისს წარედგინა, პირველ აგვისტოს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც N8 დაწესებულებაში მოათავსეს.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გიორგი ფასიეშვილის გარდაცვალების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

კომენტარები