პატიმრის გარდაცვალება

პროკურატურა: გარდაცვლილი პატიმარს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარე წლის 12 ივლისს, გიორგი თავართქილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე ქ. თბილისში, მეტრო-სადგურღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გიორგი ფასიეშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გიორგი თავართქილაძეს მჭრელი საგნით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო შემავალი ჭრილობა და მიიმალა. გიორგი თავართქილაძე დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. გიორგი ფასიეშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება საქმეზე შეკრებილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულის გამოკითხვით მიღებული ინფორმაციით, თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს მიყენებული აქვს მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა კუჭის სხეულის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, გამოთხოვილი ვიდეო-ჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ფასიეშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდება 31 ივლისს წარედგინა, პირველ აგვისტოს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც N8 დაწესებულებაში მოათავსეს.

უწყებაში ამბობენ, რომ გიორგი ფასიეშვილის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს 20 სექტემბერს გადაეცა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

პროკურატურა საუბრობს დაცვის მხარის პოზიციაზეც და აღნიშნავს, რომ მათი პოზიციით ბრალდებულს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და მისი განზრახვა მხოლოდ დაზარალებულის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას მოიცავდა.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გიორი ფასიეშვილის გარდაცვალების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ ფასიეშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის შეთავაზებულ დახმარებაზე უარს აცხადებდა.​

მათივე ცნობით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა დაიწყო, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა. 17 დეკემბერს კი, ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. 

კომენტარები