პოლიტიკური კრიზისი საქართველოში
“ყველაზე ეფექტიანი ძალა ისაა, რომლის გამოყენებაც არ გჭირდება” - ჰენრი კისინჯერის ეს სიტყვები ზუსტად ხსნის ძალის პოლიტიკურ ბუნებას. ამ ფორმულით, გადამწყვეტი მოწინააღმდეგის აღქმებია.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური რეალობა 28 ნოემბერს დაწყებულმა უწყვეტმა პროტესტმა და მის საპასუხოდ — ივანიშვილის რეჟიმის მზარდმა რეპრესიულმა ტალღამ განსაზღვრა. სწორედ ამ პროცესების ფონზე, სტატია მიზნად ისახავს, გააანალიზოს ივანიშვილის რეჟიმის ქცევის ლოგიკა და პოტენციალი - რეჟიმმა სტრატეგიული უპირატესობა ეტაპობრივი ესკალაციით და შეშლილობის სიმულაციით მოიპოვოს - გააძლიეროს აღქმა მისი თავზეხელაღებული უძლეველობის შესახებ და საპროტესტო მოძრაობის დეზორგანიზებას მიაღწიოს.
ყველაფერი იწყება 28 ნოემბრიდან. ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ ქვეყანაში პროტესტის მოულოდნელად ხანგრძლივი და ჯიუტი ტალღა მოჰყვა. ხუთთვიანმა პროტესტმა ერთი შეხედვით ჩიხური პოლიტიკური სიტუაცია შექმნა, როგორც რეჟიმისთვის, ისე ცვლილების მომხრე საზოგადოებისთვის. რეჟიმის, და, ალბათ, უმჯობესი იქნება ვთქვათ - ბიძინა ივანიშვილის, მოკლე და საშუალოვადიანი მიზანი სიტუაციის რუტინულ კალაპოტში დაბრუნება და არსებული მდგომარეობის ნორმალიზაციაა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ყველაფერი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად სჭირდება.
საზოგადოების წინააღმდეგობას რეჟიმმა დეკემბერში უკონტროლო ძალადობის და წამების ტალღა დაუპირისპირა, ხოლო შემდგომ უსაზღვროდ გააფართოვა რეპრესიული კანონმდებლობა ყველა მიმართულებით.
ჩნდება კითხვა: არის თუ არა რეჟიმის ეს ნაბიჯები რაიმე სტრატეგიის ნაწილი, არსებობს თუ არა ხედვა, სადაც მათ ნაბიჯებს რაღაც პრაგმატული საზრისი მოეძებნება. გეოპოლიტიკურ კრიზისებში უპირატესობის მოსაპოვებლად ერთ-ერთი სტრატეგია შეშლილობის ნიღბით, ძალის მუქარით და არაპროგნოზირებადობით მანიპულირებაა, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც რუსეთის ბირთვული შანტაჟის სტრატეგიაა. ამ პერსპექტივით შეგვიძლია დავინახოთ ქართული ოცნების რეჟიმის შესაძლო მსგავსი მიდგომა და შევაფასოთ რამდენად რეალურია ის.
ქართული ოცნების ძალის რეპუტაცია
ივანიშვილის რეჟიმს პროტესტის ამ ტალღის დასასრულებლად დანის პირზე გავლა სჭირდება. ერთის მხრივ, მისი მთავარი იარაღი ტოტალური ძალის რეპუტაციაა. დაუძლეველი ძალის დემონსტრაციამ რეჟიმს ყველაზე დიდი ფორა მისცა ოქტომბრის არჩევნებზე, მოწინააღმდეგის დამარცხების შეუძლებლობის განცდა საკუთარ მარცხში წინასწარ დარწმუნების უმოკლესი გზაა. მეორე მხრივ, პროტესტის დინამიკა აჩვენებს, რომ გადამეტებული და უხეში წნეხი სამოქალაქო წინააღმდეგობას ზურგის ქარს უბერავს.
აქ საჭიროა განვიხილოთ ძალის შემაკავებელი ბუნება. რეჟიმის მთავარ საყრდენს ივანიშვილის ფული და ძალოვანი სისტემა წარმოადგენს. ძალოვანი სისტემა თავის როლს საუკეთესოდ მაშინ ასრულებს, როცა ძალა მის გამოყენებამდე აკავებს პროტესტს. ეს არის ძალის შემაკავებელი ბუნება, რომელიც ამავდროულად ძალის ყველაზე ეფექტიანი და იაფი მოდუსია. ქართულ ოცნებას სჭირდება, წინააღმდეგობას ხისტი ძალის მუქარით აჩერებდეს და არა მისი პირდაპირ გამოყენებით.
რეჟიმის ამ დამაბნეველი სტრატეგიის ლოგიკა ჰგავს რუსულ ბირთვულ კალკულუსს, რომელიც მის მთავარ კოზირს - ბირთვულ იარაღს გაურკვევლობის დასათესად და კონვენციურ სივრცეში უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს. ორივე რეჟიმის სტრატეგია ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზეა აგებული: ასიმეტრიული ძალის გამოყენება სუსტ მოწინააღმდეგესთან და მუქარის დამაჯერებლობა. ეს სტრატეგია მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალის მუქარა საკმარისად დამაჯერებელია და ძალის გამოყენებამდე აღწევს მოწინააღმდეგის პარალიზებასა და კაპიტულაციას.
რეპრესიის ესკალაციის კიბე: სტრატეგია და ნაბიჯები
კრიზისის მართვის ერთ-ერთი სტრატეგია თანდათანობითი ესკალაციაა. ტერმინი ესკალაციის კიბე, როგორც ჰიპოთეტური ბირთვული დაპირისპირების განვითარების ილუსტრაცია, ამერიკელმა ბირთვულმა სტრატეგოსმა ჰერმან კანმა დაამკვიდრა. კანი თავის ტექსტში “On escalation: Metaphors and Scenarios” ბირთვულ ესკალაციას “რისკიანობაში შეჯიბრად” აღწერს და ესკალაციის 44 საფეხურს გამოყოფს. საფეხურებზე მოძრაობით, მაგალითად ქობინების განლაგებით, მუქარის რიტორიკით, ან დიპლომატიური მინიშნებებით ქვეყნებს შეუძლიათ მოწინააღმდეგის ქცევის შეკავება ან მანიპულაცია. სწორედ ესკალაციის კიბეზე საფეხურების ჩამატების ტაქტიკას იყენებს რუსეთი უკრაინასთან ასიმეტრიულ ომში ბირთვული შეკავების დოქტრინის იარაღად. ამ კიბეზე მოძრაობით ბირთვულ სახელმწიფოებს ისტორიაში ბევრჯერ უხეირიათ, თუმცა საქმე იარაღის გამოყენებამდე არ მისულა (მაგალითად, 1969 წლის სსრკ-ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტი).
ანალოგიურად, ქართული ოცნება წნეხის დონის და ქვეყანაში სიტუაციის კონტროლს ესკალაციის მსგავსი კიბით ცდილობს. ამისთვის რეჟიმმა საკანონმდებლო თუ კანონსმიღმიერი წნეხის იარაღები ბოლო თვეების მანძილზე საგრძნობლად გაამრავალფეროვნა, ხოლო მათი აღსრულება ჯერჯერობით არათანმიმდევრულია.
გაზრდილი რეპრესიული კანონმდებლობა
რეპრესიული მექანიზმების გამკაცრება რეჟიმმა დეკემბერში დაიწყო, როდესაც შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული 500-ლარიანი ჯარიმა 5 000 ლარამდე გაიზარდა. ჯარიმები მისდიოდა ათასობით მოქალაქეს, რომლებიც გასაჩივრების და ყველა სხვა ლეგალური გზის გამოყენებით სისტემის ფუნქციონირებას აფერხებდნენ. გაზრდილ წნეხს პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი მათ დასახმარებლად შექმნილი ფონდებით უმკლავდებოდა, რომელიც რეჟიმმა 17 მარტს დააყადაღა.
თებერვალში რეჟიმმა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაზარდა. ამ დრომდე რეჟიმის სასამართლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადად 12 დღეს იყენებს, 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯათ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრს გელა ხასაიას, და 23 აპრილს რუსთაველზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს.
ასევე, 1-ელ აპრილს რეჟიმის პარლამენტმა მედიის შემზღუდველი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას აძლევს ბერკეტებს აკონტროლოს მედია ორგანიზაციები ფაქტების სიზუსტის, მიუკერძოებლობის თუ ინფორმაციის მოპოვების მეთოდების დაცვის მოტივით. ასევე, მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებაც აეკრძალებათ.
კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ქართულმა ოცნებამ რეპრესიული მექანიზმის გამკაცრება გადაწყვიტა, ნარკოპოლიტიკაა. ახალი კანონით, მკაცრდება სასჯელები ნარკოტიკის გაყიდვაზე, რომელიც ბრალდებულის ოჯახის წევრებზეც გავრცელდება და სასჯელის ზომად შესაძლოა ქონების ჩამორთმევაც განისაზღვროს. ამას გარდა, პოლიციელს ენიჭება უფლება მისი ეჭვის ანუ სურვილის საფუძველზე ნებისმიერი პირი ექსპერტიზაზე გადაიყვანოს.
საჭიროების შემთხვევაში ამ და სხვა მექანიზმების დამძიმება, მუქარის გაზრდა, და მათი სპორადულად და შერჩევითად გამოყენება რეჟიმს საშუალებას აძლევს მართოს პროცესის ტემპერატურა - საჭირო დოზით გაზარდოს წნეხი იქ, სადაც წინააღმდეგობის უკურეაქციის ძალა, მათი აზრით, ნაკლები იქნება.
წერტილოვანი წნეხის ტაქტიკა
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია სამ დაჯარიმებულ პირზე, რომელთაც შეტყობინება მიუვიდათ მათი არარსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ “გზის გადაკეტვის” შესახებ. ეს მეთოდი ჯარიმების მექანიზმს რეჟიმისთვის ტექნიკურად ამარტივებს, თუმცა ჯერ მხოლოდ რამდენიმე პირთან, შედარებით ცნობილ აქტივისტებთან - დათო სიმონიასთან, პოლიტპატიმარ ირაკლი ქერაშვილის დასთან, ქეთევან ქერაშვილთან და მწერალ ივა ფეზუაშვილთან გამოიყენეს. დაჯარიმების ახალი სტილის წერტილოვნად შემოღების უკან ასევე შეიძლება ვხედავდეთ სისტემის პრობლემას, მითითებულ ვადებში დააკმაყოფილოს საჩივრები და შეასრულოს პროცედურული მოთხოვნები.
შერჩევითი და წერტილოვანი წნეხის კიდევ ერთი მაგალითია TV პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის დაჯარიმება Facebook-ზე განთავსებული პოსტის გამო, სადაც ის, პროკურატურის მტკიცებით, საპატრულო პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. მსგავსი გარემოებით მას შემდეგ სხვა ადამიანის დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამართალდამცავი ორგანოს შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისთვის ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციული სასჯელი თებერვალში გაზარდა, თუმცა ამ ბრალდებას რეჟიმი, როგორც ჩანს, წერტილოვნად, პროტესტის გამორჩეულად ხმამაღალი მონაწილეების წინააღმდეგ ერთ-ერთ იარაღად ხედავს.
მიღებული რეპრესიული კანონების შერჩევითი, სიტუაციური გამოყენება ასევე კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის სიტუაციის აღქმას. პროტესტში ჩართული მოქალაქეების ნაწილისთვის გაურკვეველია, თუ რა შემთხვევაში გამოიყენებს რეჟიმი მათ წინააღმდეგ ახალ ზომებს და პროტესტში რა დოზით ჩართულობა დაიცავს მას რეპრესიებისგან.
აქ ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ 2025 წლის იანვარში მოქალაქეების წამებასა და აქციების ძალადობრივ დარბევებში მონაწილე მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის და მისი მოადგილეების, მილერი ლაზაგაურის და მირზა კეზევაძის ღირსების ორდენით დაჯილდოება. ეს აგრესიული ჟესტიკულაციის მაგალითია, როდესაც სისტემა მის ძალადობრივ და რადიკალურ ფლანგს ახალისებს და ამით უფრო ექსტრემალური ზომების მიღებაზე მის მზადყოფნას სიგნალირებს.
თანდათანობითი ესკალაციით სისტემა ცდილობს ერთდროულად რამდენიმე მიზანს მიაღწიოს - რადიკალური ზომების გარეშე მართოს პოლიტიკური პროცესი, გამოფიტოს საპროტესტო რესურსი და დატესტოს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო რეაქცია ადამიანის უფლებათა დარღვევების და რეპრესიების მორიგ შემთხვევებზე.
რაც შეეხება რუსეთის ბირთვული სტრატეგიას, იქ ესკალაციის საფეხურებად მოიაზრება ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა ქობინების განლაგება, წვრთნები მოკავშირეებთან ერთად ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით, საინფორმაციო მანიპულაციები, საჯარო მუქარის განცხადებები, ახალი ტიპის იარაღების ტესტირება, ან ორმაგი (ბირთვული და კონვენციური) გამოყენების ტიპის იარაღების რელოკაცია. ნორვეგიის დაზვერვის სკოლის დირექტორი კრისტინ ვენ ბრუსგარდი თავის სტატიაში “Russian Nuclear Strategy and Conventional Inferiority” ხსნის, რომ კრემლი ბირთვულ ესკალაციას მრავალსაფეხურიან პროცესად ხედავს, რომელიც ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი არატაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ასევე, ბრუსგარდი ამტკიცებს, რომ რუსეთის ეს სტრატეგია მოწინააღმდეგე მხარის აღქმებზე მანიპულაციას ეფუძნება.
შეშლილობის ნიღაბი: არაადეკვატურობის სტრატეგიული სიმულაცია
შეშლილობის სიმულაცია მოწინააღმდეგის დაბნევისა და განიარაღების კიდევ ერთი სტრატეგიაა, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი თავის თავზეხელაღებულ და არარაციონალურ აქტორად წარმოჩენას. ეს სტრატეგია არ გულისხმობს, რომ აქტორი მართლაც ირაციონალური ან არაადეკვატურია, უფრო პირიქით, ასეთი ქცევა პერფორმატიული შეშლილობაა, რადგან მთავარი მოწინააღმდეგე ფლანგზე შესაბამისი შთაბეჭდილების შექმნაა. ამ შთაბეჭდილების შექმნა რეჟიმის წარმომადგენლების არაადეკვატურ და აბსურდულ განცხადებებს შეუძლია.
საერთაშორისო პოლიტიკის ისტორიაში შეშლილობის სტრატეგია უკავშირდება ისეთი ლიდერებს, როგორებიც არიან რიჩარდ ნიქსონი, ნიკიტა ხრუშჩოვი, სადამ ჰუსეინი ან დონალდ ტრამპი. ეს არის სტრატეგია, როდესაც ლიდერი განზრახ სიმულირებს არაპროგნოზირებადობას და თავზეხელაღებულობას მოწინააღმდეგის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად. შეშლილობა, როგორც გაურკვევლობის და კონფლიქტის გამომწვევი ფაქტორი, ერთ-ერთმა პირველმა, ეკონომისტმა თომას შელინგმა აღწერა და მას შემდეგ კი, ამერიკულ აკადემიაში შეშლილობის სიმულაციას გეოპოლიტიკის ანალიტიკურ ჩარჩოდ ხშირად იყენებენ. ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში წარმოდგენას, რომ რეჟიმი შეშლილობის ზღვარზე მიღებული, საღი აზრისგან ნაკლული გადაწყვეტილებებით მოქმედებს, დიდი დაბნეულობის და საფრთხის განცდის შეტანა შეუძლია რეჟიმის მოწინააღმდეგე რიგითი ადამიანების გონებაში, რომლებსაც ხაზგასმით მშვიდობიანი გზებით სურთ ცვლილების მიღწევა.
თავის წარმოჩენა საღი აზრის ზღვარზე მყოფ აქტორად საზოგადოების აღქმებში გაურკვევლობას და შესაბამისად, დემობილიზაციას იწვევს. შეშლილობის ნიღბის და არაადეკვატურობის მაგალითებია თუნდაც ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ “აბსოლუტურად ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს”, “[სანქციები] არის ტრაგიკული იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ სანქციებს” ან “საერთოდ არანაირი პრინციპები არ აქვს დიფ სთეითს.”
ირაკლი კობახიძის გარდა რეჟიმის შეშლილობის ან არაადეკვატურობის შთაბეჭდილების შექმნის კონტექსტში შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ შალვა პაპუაშვილის კომენტარი - “მნიშვნელოვანია, რომ დროულად შევუშალოთ ხელი ევროკავშირის გასაბჭოებას.“ ასეთი განცხადებები საზოგადოებისთვის უმეტესად ღიმილისმომგვრელია, თუმცა ამავდროულად აჩენს განცდებს ან ეჭვებს, რომ რეჟიმის გადაწყვეტილების მიმღებ რგოლში კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, სიტუაციის ადეკვატურად აღქმის ან საღი აზრის ფარგლებში დარჩენის რესურსი არასაკმარისია. ამასთან, დამატებით ბუნდოვანებას ქმნის ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა პარტიაში, რადგან ის, როგორც ყველაზე სავარაუდოა, გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ან სულაც ერთადერთი პირია, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინტერვიუებით აღარ გვანებივრებს.
საღი აზრისგან დაშორებულობის განცდას ასევე ქმნის რეჟიმის წარმომადგენლების დაჟინებული მტკიცება, რომ დასავლეთიდან მომავალი პერსონალური სანქციები და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება ქვეყნისთვის უმნიშვნელო ფაქტორები, ან სულაც ჯილდოებია. “რაიმე ღვთიური მანანაა ეს უვიზო მიმოსვლა?” - თქვა შალვა პაპუაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა მასშტაბის სიკეთეებს იღებს ქართველი ხალხი 2015 წლიდან უვიზო მიმოსვლის წყალობით. დამატებით “უშიშრობის სიმულაციის” შექმნას ცდილობენ სანქციების წნეხის იგნორირებით. 2024 წლის დეკემბერში, სანქციების ტალღის დაწყებისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “ეს არის რეალურად ჯილდო” და ამ უშიშარ ნარატივს შემდგომ რეჟიმის სხვა წარმომადგენლებიც აძლიერებდნენ. თუმცა, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა აპრილში “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეების და მათი ოჯახების ნაწილმა შესაძლოა ვერ გაუძლონ სანქციების წნეხს.
ანალოგიურ სტრატეგიას ბირთვულ გეოპოლიტიკაში “madman strategy-ს” უწოდებენ. პოლიტიკის ეს ხელოვნება ბოლო წლებში ყველაზე თვალსაჩინოა რუსეთის პოზიციონირებაში. რუსეთი თავს აჩვენებს არარაციონალურ, არაფრის ჩამგდებ და იმპულსურ აქტორად, რომლისგანაც არაფერი უნდა იყოს მოულოდნელი, რათა დაარწმუნოს სხვა აქტორები, მის მზადყოფნაში გამოიყენოს რადიკალური ზომები.
ბოლო წლებში რუსეთის ბირთვული რიტორიკა ქმნის გაურკვეველ ან საშიშ შთაბეჭდილებას კრემლის უკიდურესი ზომებისთვის მზადყოფნის შესახებ. CSIS-ის კვლევამ, რომელიც უკრაინის ომის დროს ბირთვულ სტრატეგიულ ჟესტებს და სიგნალებს აანალიზებს, რუსეთის 230-ზე მეტი ბირთვული მუქარა, საინფორმაციო მანიპულაცია, ან რიტორიკული ოპერაცია გამოავლინა, რისი მიზანიც რუსეთიდან მომდინარე საფრთხის მასშტაბის და დამაჯერებლობის ოპტიკური ილუზიით გაზრდაა.
ამერიკელმა ეკონომისტმა და სამხედრო ანალიტიკოსმა დანიელ ელსბერგმა 1959 წელს ლოუელის ინსტიტუტში ლექცია წაიკითხა, სახელად “შეშლილობის პოლიტიკური გამოყენება”, სადაც ამტკიცებდა, რომ წარმატებული პოლიტიკური შანტაჟისთვის საჭიროა, ლიდერი იყოს “თავზეხელაღებული ან შეშლილი, მაგრამ თუ საჭიროა, ორივე შეიძლება დაეხმაროს,” და მხოლოდ დამაჯერებლად შეშლილებს შეუძლიათ, დაარწმუნონ სხვები, რომ უკიდურესი ნაბიჯების გადამდგმელები არიან.
ამის გათვალისწინებით ივანიშვილის რეჟიმის მიერ არაადეკვატურ და პარადოქსულ რიტორიკას და რეპრესიული მექანიზმების გამკაცრებას ასევე შეგვიძლია შევხედოთ ამ პოლიტიკური მანიპულაციის ლინზიდანაც.
ნორმების დარღვევა, როგორც სტრატეგიული იარაღი
ადამიანის უფლებების და საბაზისო დემოკრატიული პრინციპების დარღვევაც, თავის მხრივ, პოლიტიკური თავზეხელაღებულობის სიგნალია. ამით რეჟიმი ღიად აჩვენებს, თუ რამდენად ინდიფერენტულია გარეგანი წნეხის ან ნორმების მიმართ, რისი იმედიც, შესაძლოა მოქალაქეებს ჰქონდეთ. ანალოგიური ბირთვული მანევრი კრემლმა 2022 წლის აგვისტოში შეასრულა, როდესაც ცალმხრივად შეწყვიტა ამერიკასთან დადებული ბირთვული იარაღის შემცირების შეთანხმება (New START), რომელიც სხვადასხვა ფორმით 1991 წლიდან მუშაობდა და წელიწადში ორჯერ ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალს ამოწმებდა.
ძალის ასიმეტრია
ქართულ ოცნებას პოლიტიკური ცვლილების მომხრე საზოგადოებასთან შედარებით განუზომლად დიდი ძალოვანი და ფინანსური რესურსი გააჩნია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკური ძალის მთავარი საზომი მოწინააღმდეგის აღქმებშია. შესაბამისად, რეჟიმისთვის ძალის ასიმეტრიული სიდიდე მაშინ მუშაობს, როცა ამის აღქმა მოწინააღმდეგე ფლანგზე ძლიერია.
ეს გარემოება რუსეთსა და უკრაინას შორის მკაფიო ძალის ასიმეტრიას ჰგავს. კრემლი ხშირად იყენებს ბირთვულ რიტორიკასა და სიმბოლურ ჟესტებს, რათა კონვენციურ ომში უპირატესობა მოიპოვოს ასიმეტრიულად სუსტ მოწინააღმდეგესთან. რუსეთის ბირთვული სტრატეგიის მკვლევარი დმიტრი ადამსკი სტატიაში “Quo Vadis, Russian Deterrence? Strategic Culture and Coercion Innovations” ამტკიცებს, რომ რუსეთი ბირთვული სტრატეგიის სამიზნედ სწორედ ასიმეტრიულად სუსტ, არაბირთვულ მოწინააღმდეგეებს აღიქვამს. ეს ირონიულად ეწინააღმდეგება ბირთვული კალკულუსის ისტორიულ წარმომავლობას: ცივი ომის დროს ის სწორედ ორი სუპერსახელმწიფოს პოტენციური ბირთვული კონფრონტაციის ზღვარზე შეიქმნა და მიზნად არა სუსტი მოწინააღმდეგის დაშინებას, არამედ სუპერსახელმწიფოების შეკავებას ისახავდა.
პარალელები ბირთვულ შანტაჟთან
ბირთვულ კალკულუსში მოწინააღმდეგეზე ზეწოლის მთავარი ფაქტორი არა თვითონ ბომბი, არამედ იმის ცოდნაა, რომ არსენალში რაღაც უკიდურესი, კრიტიკული იარაღი არსებობს, რომლის გამოყენებაც თეორიულად გამორიცხული არ არის.
საქართველოს კონტექსტში, რეჟიმის ასიმეტრიულად დიდ ძალას შეუძლია მის გამოუყენებლად აკონტროლოს პროცესი საზოგადოებაში იმ განცდით, რომ ქართული ოცნება უკიდურეს შესაძლებლობას ფლობს ნებისმიერი წინააღმდეგობის ჩასახშობად.
ამ ფონზე ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, თუ რა შეიძლება იყოს რეჟიმის უკიდურესი ზომა: ზოგის აზრით, ეს შეიძლება იყოს ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ან მომიტინგეთა მკვლელობა და სისხლისღვრა, ხოლო სხვებს აქვთ განცდა, რომ რეჟიმი დაძაბულობის პიკში რუსული ჯარის შემოყვანაზეც არ დაიხევს უკან. ჩვენი ანალიზისთვის საინტერესოა არა თავად ეს პოტენციური რადიკალური ნაბიჯები, არამედ ხალხის აღქმა რეჟიმის წითელი ხაზების შესახებ.
ამავე თემაზე რუსეთის სამხედრო სტრატეგიის მკვლევრები ხსნიან, რომ რუსეთის ამ სტრატეგიას მეორე ასიმეტრიაც ქმნის - კრემლი ბირთვულ სტრატეგიას კონვენციურ სამხედრო ფრონტზე თავისი წარუმატებლობის და ნაკლები შესაძლებლობების კომპენსირებისთვის იყენებს. კონვენციურ ტერიტორიაზე დასავლეთთან შედარებით რუსული არმიის და სამხედრო კორპუსის სისუსტე აშკარა პრობლემაა, რაც აიძულებს რუსეთს მისი არსენალის სხვა ნაწილი - ბირთვული იარაღი ყველა დანარჩენი სისუსტის გადასაფარად მეტად წინ წამოწიოს. ამ პარალელმა ასევე შეიძლება დაგვაფიქროს, იყენებს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი ხისტი ძალის დემონსტრირების და მუქარის სტრატეგიას სხვა პოლიტიკურ ტერიტორიაზე მისი სისუსტის დასაბალანსებლად. ამასთან, საკითხავია, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას იმ მასშტაბის ძალოვანი რესურსი, რომ ქვეყანაში მისი სუსტი პოლიტიკური პოზიციების კომპენსირება შეძლოს და რაც მთავარია, როგორ აღიქვამს ამ რესურსს ხალხი.
რა ალტერნატიული პერსპექტივები არსებობს
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ქცევაში შეშლილობის ბლეფის ამოცნობა საკმაოდ რთულია. რეჟიმის გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე დოკუმენტური მასალის არსებობის პირობებში არასდროს გვექნება პირდაპირი მტკიცებულებები რეალური სტრატეგიის დასამტკიცებლად.
თუმცა, პარალელურად, პოლიტიკური პროცესის ალტერნატიული პერსპექტივებიც უნდა გავითვალისწინოთ. ერთ-ერთი გავრცელებული ალტერნატივა არის რწმენა, რომ ივანიშვილის რეჟიმი სიტუაციას სრულად აკონტროლებს და ყველა მისი ნაბიჯი რაციონალურად გათვლილი და მეთოდურად დაგეგმილია. ამ რწმენას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ 150 დღეზე მეტხანს გაგრძელებული პროტესტი, არამედ ის კითხვაც, თუ რატომ იკეტება რუსთაველის გამზირი შედარებით მცირე რაოდენობის ხალხით და რატომ არ უშლის ხელს ამას პოლიცია.
გარდა ამისა, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) 2025 წლის იანვარში ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 82% ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას კრიზისად აფასებს. იგივე ტენდენცია გამოვლინდა BISC Partner-ის ჩაღრმავებული ინტერვიუების მეთოდოლოგიით ჩატარებულ კვლევაშიც, რესპონდენტებში კრიზისის შეგრძნების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.
ასევე, კიდევ ერთი ახსნაა მარტივი არაკომპეტენტურობა - რეჟიმის გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა კომპეტენციის დეფიციტით ხასიათდებოდეს, რაც არატარგეტირებულ და სტიქიურ რეპრესიებს იწვევს. ასეთი ქაოსური წნეხი ზოგჯერ პროტესტს პირიქით, აძლიერებს და აფართოებს დაუმორჩილებლობის საზღვრებსაც. მაგალითად, დეკემბერში სახის დაფარვის აკრძალვამ და შემდგომ ჯარიმების გაზრდამ, საპირისპიროდ, სამედიცინო ნიღაბი აქციების მთავარ ატრიბუტად აქცია.
ამასთან, სიტუაციის დომინანტური აღქმაა ის, რომ რეჟიმის წარმომადგენლები არა მხოლოდ არაკომპეტენტურები, არამედ ზნეობრივი ნორმების და სინდისის კატეგორიის უგულებელმყოფელი პირები არიან, რომლებსაც მხოლოდ პირადი გამორჩენის და ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მოქმედებენ. ეს აღქმა ნამდვილად დამაჯერებელია, თუმცა ის არ ხსნის ეტაპობრივი ესკალაციის საჭიროებას და მიზნობრიობას რეჟიმის აღქმაში.
რეჟიმის ქცევის სხვაგვარი ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ რეპრესიების რეალური სამიზნე არა საპროტესტო საზოგადოება, არამედ ქართული ოცნების მხარდამჭერები ან ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები არიან. ამ შემთხვევაში წნეხი პერფორმატიულია და მისი მიზანი სტატუს-კვოს მხარეს მყოფი საზოგადოების დარწმუნებაა, რომ რეჟიმს ამ და კიდევ უფრო მკაცრი რეპრესიებით სიტუაციის მართვა შეუძლია. თუმცა, ამ სტრატეგიის წარმატებას ეჭვქვეშ კვლავ მიმდინარე პროტესტის ტალღა აყენებს.
სტრატეგიული გაკვეთილები წინააღმდეგობისთვის
რთულია იმის ვარაუდი, რომ ივანიშვილის რეჟიმი შეგნებულად ჰბაძავს რუსეთის ბირთვული პოლიტიკის მოდელს. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ პოლიტიკური კლიმატი, სტრუქტურულად მსგავსი გამოწვევები და ძალის ასიმეტრიული დისპოზიცია აქტორებს უბიძგებს მსგავსი სტრატეგიებისკენ.
თუმცა, ამ გაურკვევლობაში სასარგებლოა გვახსოვდეს, რომ თავზეხელაღებულობის და სიშლეგის ნიღაბი სტრატეგიულ იარაღადაც შეიძლება გამოიყენებოდეს პროტესტის წინააღმდეგ. ეს ანალიტიკური ლინზა გვეხმარება, პოლიტიკური პროცესი ყოველ ეტაპზე შევამოწმოთ და დავტესტოთ, რამდენად მოქმედებს რეჟიმი ამ სტრატეგიის ფარგლებში, თუ პროცესები უფრო სტიქიურად მიმდინარეობს.
ივანიშვილის რეჟიმი ეტაპობრივი ესკალაციის, შეშლილობის სიმულირების და ასიმეტრიული ძალის მუქარით ცდილობს 2024 წლის ნოემბერში დაწყებული პროტესტი მიანელოს და როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ასპარეზზე სტატუს-კვოს ნორმალიზებამდე მივიდეს. ეს ჩარჩო საქართველოში მიმდინარე ტურბულენტური პოლიტიკური პროცესების სისტემატიზაციის და ანალიზის საშუალებას გვაძლევს. პარალელები რუსეთის ბირთვულ სტრატეგიასთან მხოლოდ გვეხმარება ქაოსურ პროცესში წესრიგის ნიშნები შევამჩნიოთ.