აქციებზე დაკავებულები

კასრაძეს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ამ ჯგუფის წევრებს ვერ უთითებენ – ადვოკატი

აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის თქმით, 8 დაპატიმრებულის საქმეზე სასამართლოს დანაშაულის შემადგენლობა არ აქვს - კასრაძეს ბრალდების მხარე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ელოდება, თუმცა " ჯგუფის წევრები ვინ არიან ამას არა თუ ვერ ასაბუთებენ, ვერც კი უთითებენ".

"პროცესი ამ ეტაპზე დასრულდა, დღეს იყო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი. [...] დაცვის მხარემ მოისმინა ბრალდების მხარის აბსოლუტურად უარგუმენტო პოზიცია. არანაირი არგუმენტი თუ რატომ არის აუცილებელი ამ ადამიანებისთვის პატიმრობის გამოყენება, ჩვენ არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის ადვოკატებისგან თუ რატომ არის დაუსაბუთებელი პატიმრობის გამოყენება.

[...] განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. მაგალითად, ვეფხია კასრაძეს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, მაგრამ ამ ჯგუფის წევრები ვინ არიან ამას არა თუ ვერ ასაბუთებენ, ვერც კი უთითებენ და თან კანონში წერია, რომ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზება იმ შემთხვევაშია დანაშაული, თუ ამ ორგანიზებას მოჰყვა რაღაც მართლსაწინააღმდეგო შედეგი, და ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე ასევე არ მიუთითებს რა მართლსაწინააღმდეგო შედეგი მოყვა ვეფხია კასრაძის მიერ "დაორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას". - თქვა კოჟორიძემ ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა.

სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით გადაისინჯა. ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, პროკურორების თქმით, არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტაციას არ დაეთანხმა და 8 პირის გათავისუფლება მოითხოვა. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა დარჩნენ ბრალდებულები პატიმრობაში.

სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები