თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 პირი პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ სხდომაზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით გადაისინჯა. ყოველ 2 თვეში სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს.
ბრალდების მხარემ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა, პროკურორების თქმით, არსებობს მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტაციას არ დაეთანხმა და 8 პირის გათავისუფლება მოითხოვა. დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურა ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა დარჩნენ ბრალდებულები პატიმრობაში.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა. მომდევნო სასამართლო სხდომა 7 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.
სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.





