საქართველოს პარლამენტი

მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლებისთვის კანონმდებლობა იცვლება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
პარლამენტი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შსს-ს ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ცვლილება შეეხება უცხოელისთვის საქართველოში თავშესაფრის მინიჭების და მიგრანტების საკითხს. კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 

როგორც ცვლილებების წარმდგენი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე კომიტეტის სხდომაზე ამბობს, უხეში დათვლებით, დაახლოებით 20-25 ათასი არალეგალი მიგრანტია ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. 

დარახველიძის თქმით,  აქციების დროს პარლამენტის შენობაშიც კი დააკავეს უცხოელები, სამართლებრივი გაძევების საფუძვლები კი "მაშინ არ არსებობდა". 

"პარლამენტის შენობაშიც კი დავაკავეთ რამდენიმე უცხოელი, რომლებიც შემოიჭრნენ იმ აქციების დროს და ბუნებრივია, ასეთ დროს ქვეყანას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები. მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანასთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა და იყო შემთხვევები, რამდენიმე დღის შემოსულები იყვნენ ეს ადამიანები ქვეყანაში. მათი სამართლებრივი გაძევების საფუძვლები მაშინ არ არსებობდა" - თქვა დარახველიძემ. 

"იმის გამო, რომ გაუმართავია ამ ნაწილში კანონმდებლობა, დადგა შემთხვევები, როდესაც ქართველი დასაქმებულები კარგავენ სამუშაო ადგილს და მას იკავებს უცხოელი, ამ დროს მას არანაირი მოთხოვნა არ აქვს ჩადებული და არც დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, აცნობოს სახელმწიფოს. ეს საკითხი მოწესრიგდება" - თქვა დარახველიძემ. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ერთ-ერთი ცვლილება, რომელსაც ივანიშვილის პარლამენტში განიხილავენ, შეეხება უცხოელის განცხადების საზღვარზე განხილვას და შესაბამის უწყებას შესაძლებლობა ექნება თავშესაფრის მაძიებელი პირის საზღვარზევე დაკავების, თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, "თუ იგი უხეშად არღვევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, თუკი არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი არ შეასრულებს მოსამართლის მიერ განსაზღვრულ დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა არ წარედგინება სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს". 

იქმნება განცხადების განხილვის ახალი წესი, რაც გულისხმობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ან საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანზიტო ზონაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში მისი განცხადების საქართველოს საზღვარზე განხილვის შესაძლებლობას.

"მნიშვნელოვანია, რომ განცხადება საზღვრის პროცედურით განიხილება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: თუ არსებობს განცხადების დაუშვებლად ცნობის ან დაჩქარებული წესით განხილვის საფუძვლები; თუ პირი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის; თუ პირი გაძევებული იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის გამო. 

განცხადების საზღვარზე განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 28 კალენდარულ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ 28 კალენდარული დღის ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პირს ეძლევა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება" - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

კანონდმებლობით განისაზღვრება უსაფრთხო მესამე ქვეყნის ცნებაც, სადაც შესაძლებელი იქნება პირს მიეცეს ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნისა და მისთვის ასეთი საჭიროების დადგენის შემთხვევაში შესაბამისი დაცვის მიღების შესაძლებლობა.

კანონპროექტის მიხედვით, მიგრანტებისთვის სახელმწიფოსგან გათვალისწინებულია კონკრეტული ხარჯების გაღებაც. 

  • თავშესაფრის მაძიებლები სარგებლობენ მიმღებ ცენტრში უფასო განთავსების უფლებით;
  • თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, სარგებლობენ სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების უფლებით; მათთვის მოქმედებს ქართული ენის შესწავლის პროგრამა;
  • თავშესაფრის მაძიებლებს, ასევე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს წვდომა აქვთ "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“;
  • ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები იღებენ ყოველთვიურ სოციალურ შემწეობას 45 ლარის ოდენობით. მაგალითისთვის, 2018 წელს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებზე ჯამში გაიცა 608760 ლარის ოდენობის სოციალური შემწეობა, 2019 წელს – 571995 ლარი; 2020 წელს – 567180 ლარი, 2021 წელს – 535140 ლარი, 2022 წელს – 581625 ლარი, 2023 წელს – 630945 ლარი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით – 482625 ლარი;  
  • ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები სარგებლობენ მიზნობრივი სოციალური პროგრამის საარსებო შემწეობის მიღების უფლებით, რომელიც ინიშნება შესაბამისი მოკვლევისა და შეფასების შემდგომ, ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. საარსებო შემწეობა ინიშნება ოჯახის უფროსსა და ოჯახის წევრებზე 60 ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი პირზე – 100 ლარის ოდენობით (აღნიშნული საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, ბენეფიციარები ვეღარ აიღებენ ყოველთვიურ სოციალურ შემწეობას – 45 ლარის ოდენობით);

კანონის ამოქმედების თარიღად დასახელებულია 2025 წლის 1 სექტემბერი.

კომენტარები