ივანიშილის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გორში მომხდარ ძალადობაზე ისაუბრა სანქცირებული, პროპაგანდისტული იმედის ეთერში. მისი შეფასებით, კადრები აღმაშფოთებელია და სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს, თუმცა არსებობს მეორე მხარეც. მისი აზრით, პოლიციას ხშირად ესხმიან თავს, რათა მოხდეს პოლიციის, როგორც ინსტიტუციის, იმიჯის შებღალვა და სისტემის დასუსტება და ჩამოშლა.
"რა თქმა უნდა, ეს კადრები არის აღმაშფოთებელი. ქმედება პოლიციელებისა, რა თქმა უნდა, არის ცალსახად კანონის უხეში დარღვევა, ძალადობა, რაც ვიზუალურად სახეზე ჩანდა. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოებმა შესაბამისად მყისიერად იმოქმედეს. პროკურატურამ სწორედ ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და ძალის გადამეტების მუხლით აღძრა საქმე. […]
რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან, ასეთ მოვლენას ყოველთვის მოსდევს ხოლმე მწვავე რეაქცია და ეს ბუნებრივიც არის და გასაგებიც არის. პრინციპში, ესეც უნდა იყოს იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, გარკვეულწილად პოლიციაც, სამართალდამცავი სტრუქტურაც, არა მარტო პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუცია, საზოგადოების ნაწილია და მათზეც მოქმედებს საზოგადოებრივი აზრი ცუდ და, ასე ვთქვათ, მძიმე შემთხვევებზე და ქმედებებზე.
მაგრამ არის მეორე მხარე, როდესაც არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ამას ჩვენ ახლა ვხედავთ ნათლად. პოლიციაზე თავდასხმები ხშირ შემთხვევაში, სწორედ თავდასხმები, ამ სიტყვას ვიხმარ, კეთდება იმიტომ, რომ რაღაცნაირად მოხდეს პოლიციის, როგორც ინსტიტუციის იმიჯის შებღალვა ბოლომდე და, საბოლოოდ, ასე ვთქვათ, სისტემის დასუსტება და ჩამოშლა." - თქვა ქადაგიშვილმა.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, რომ ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ხდება არაერთხელ, თუმცა კადრებში მოხვდა მხოლოდ ეს შემთხვევა, ქადაგიშვილმა უპასუხა: "ეს იქნებოდა სწორი, რომ ამ ყველა ინციდენტთან დაკავშირებით არ ყოფილიყო შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. დღეს ამბობენ, რომ ეს კადრები რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ვერც ვერავის ვერაფერი ვერ გაეგო.
აქ გამსხვავება რაშია. კადრი რომ გაჩნდა, მაშინვე ხელისუფლებას არ დაუწყია ორჭოფობა და ა.შ. მაშინვე თქვა, რომ ეს არის მიუღებელი და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მიტინგების პერიოდში, როდესაც აგრესიული ფონი ჰქონდა მიტინგს და იქ პოლიციელების მხრიდან იყო კონკრეტული გადაცდომები, თუ გახსოვთ, მაშინაც პრემიერმინისტრმა მაშინვე თქვა, რომ ეს არის გადაცდომები, დასაგმობია, ჩვენ სისტემურ გარკვეულ ცვლილებებს გავაკეთებთ, რომ ასეთი რამ მიტინგის დაშლის და აღკვეთის პროცესში არ მოხდეს, ეს გაკეთდა კიდევაც."
ცნობისთვის, 27 მაისს, ქართლის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობენ ჯგუფურად პოლიციელები მოქალაქეზე, სავარაუდოდ, მისი დაკავების დროს.
პროკურატურის დღევანდელი განცხადების მიხედვით, გორში ძალადობის ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავეს.




