პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი განმარტავს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კოორდინაციის პლატფორმაში შემავალი პარტიები შეთანხმებული იყვნენ, რომ ქართული ოცნების "საგამოძიებო კომისიაში" მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გიორგი გახარიას "საგამოძიებო კომისიაზე" მისვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"რომ გამოვედი შეთანხმებიდან, მეც ვთქვი, რომ შევთანხმდით ამ ოთახში მსხდომი პარტიები იმაზე, რომ მოგონილ საგამოძიებო კომისიასთან არ ვითანამშრომლებდით, ეს სიტყვები სანამ გარეთ გავიმეორებდი მანამდე შიგნით გავიმეორე, ხო სწორად მესმის და ვამბობ მეთქი, მხოლოდ შეჯამების შემდეგ და გახარიას წარმომადგენელიც იქ იყო, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვაცხადე შეთანხმებად.
ეს პირველი არ არის, არც უკანასკნელი, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი გამოირჩევა შეთანხმებების უპატივცემულობით. ძალიან ვფრთხილობ ხოლმე, სანამ რამე შეთანხმებას გამოვაცხადებ და კიდევ უფრო უნდა ვიფრთხილო, როგორც ჩანს.
მარტო ჩვენთან კოორდინაცია კი არა, როგორც ჩანს, გახარიას საკუთარ პარტიაშიც აქვს კოორდინაციის პრობლემა. აბა ხომ არ მოიტყუებიან მისი თანაპარტიელები, რადგან სხვა შთაბეჭდილება ჰქონდათ. საკუთარ პარტიაში კოორდინაციის დალაგებისკენ მოვუწოდებ მას". - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა TV ფორმულას ეთერში.
მისივე თქმით, გახარიას ნაბიჯი დამაზიანებელი შეიძლება იყოს.
"რაც შეეხება თვითონ ფაქტს, უარყოფითად ვაფასებ, პირველ რიგში, პრინციპულად, იმიტომ რომ ერთია, რომ შენ იძახი არალეგიტიმურია პარლამენტი და მეორე ამ არალეგიტიმური პარლამენტის წიაღში შექმნილ რაღაც ცირკს ელაპარაკები. მეორე - გარდა უშუალო პრინციპული წინააღმდეგობისა, რომელიც ობიექტურია, თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია, როცა ასეთ მონსტრს ებრძვი და ხალხი გყავს გადმოსაბირებელი, თანმიმდევრული უნდა იყო.
შინაარსობრივად, მთელი დღე, ნაცვლად იმისა, რომ 14 აპრილის მნიშვნელობაზე გვესაუბრა და იმაზე, რას გვაკარგვინებს ივანიშვილი, თუ ადრე სახელმწიფოებრივ ენას ვკარგავდით, ახლა საერთოდ სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ვკარგავთ, ვიდექით და ივანიშვილის მოედანზე გადასულები ვისმენდით თავის მართლებას იმაზე, როგორი ამრევია ალტერნატივა და არეულობის სცენარები განიხილებოდა. ივანიშვილის მოედანზე იყო გადასული გახარია და იქ აბურთავებდა წულუკიანი. ჩემთვის ეს სასიამოვნო სანახავი არ ყოფილა და ვთვლი, რომ ამით დავზიანდით" - თქვა ჩერგოლეიშვილმა.
გიორგი გახარია 14 აპრილს წულუკიანის კომისიის სხდომაზე მივიდა, სადაც რამდენიმე საქმე განიხილეს, მათ შორის, 20 ივნისის, ნიკა მელიას დაკავებისა და გახარიას გადადგომის საქმეები.