წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეს კომისია პროკურატურას გადასცემს.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
11 აპრილს, 10:00 საათზე, ივანიშვილის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს. კომისიაზე ასევე გამოკითხავენ დოდო აფრასიძეს, სოსო რობაქიძეს და გიორგი აფრასიძეს.
10 აპრილს კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერდა - "ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ – რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!".
ასევე, 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კომისიაზე 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიაა დაბარებული, თუმცა სხდომის თარიღი უცნობია.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" მიუსვლელობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.





