წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

"ოცნების" "საგამოძიებო კომისიაზე" 11 აპრილს გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია დაიბარეს

11 აპრილს, 10:00 საათზე, ივანიშვილის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დაიბარეს. კომისიაზე ასევე გამოიკითხებიან დოდო აფრასიძე, სოსო რობაქიძე და გიორგი აფრასიძე.

პარლამენტის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, 11 აპრილის სხდომის განსახილველი საკითხებია: "ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესები 2012–2024 წლებში; ამირან (ბუტა) რობაქიძის, ასევე, ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები".

გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია სხდომაზე მისვლას არ აპირებენ.

ასევე, დღეს, 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კომისიაზე 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიაა დაბარებული, თუმცა სხდომის თარიღი უცნობია.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს. ასევე 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს.

კომენტარები