წულუკიანმა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაც დაიბარა.
"2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ. მოსაბრძანებლად მოწვეულია გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან" - თქვა წულუკიანმა კომისიაზე.
წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და გივი თარგამაძის საქმეები პროკურატურას გადაეგზავნება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ, 8 აპრილს, 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საზღვრის კვეთა აუკრძალა.
ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი 7 აპრილს წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.





