ივანიშვილის პარლამენტის "საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინეს. გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
"არავის აქვს მორალური უფლება, არანაირი არგუმენტებით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა, მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდესო, მაგრამ ეტყობა, ამ სასამართლოში სხვა კალენდრით მუშაობენ.
იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისგან და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ“, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უთხრა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო უკვე შეუფარდეს.





