აშშ-ს თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაანონსებული 104%-იანი ტარიფი ძალაში შუაღამით, 9 აპრილის ღამის 12:01 საათზე შევა. განცხადება ლევიტმა თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტს ამის შესახებ და ის ფიქრობს, რომ ჩინეთს აშშ-სთან შეთანხმების დადება სურს.
ჩინეთის შეცდომა იყო, რომ საპასუხო [ტარიფები გამოაცხადა]. პრეზიდენტი, როდესაც ამერიკას არტყამენ, უფრო ძლიერ დარტყმას უბრუნებს.
ეს არის მიზეზი, თუ რატომაც შევა ძალაში 104%-იანი ტარიფი ჩინეთზე შუაღამით. თუმცა პრეზიდენტს სჯერა, რომ სი [ძინფინგს] და ჩინეთს შეთანხმების მიღწევა სურთ". - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
ლევიტმა დაამატა, რომ ჩინეთს შეთანხმების დადება სურს, "თუმცა არ იცის, როგორ დაიწყოს" და იმ შემთხვევაში, თუ ტარიფების საკითხზე პეკინი ვაშინგტონს დაუკავშირდება, ტრამპი "საოცრად მოწყალე" იქნება, თუმცა იგი გააკეთებს იმას, რაც "ამერიკელი ხალხისთვის საუკეთესოა".
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7 აპრილს ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა, თუ ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ 34%-იან ტარიფებს 8 აპრილისთვის არ გააუქმებდა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერდა.
ტრამპი ამბობდა, რომ თუ ჩინეთი უკან არ დაიხევდა, ახალი, 50%-იანი ტარიფები ძალაში 9 აპრილიდან შევიდოდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ბრძანების თანახმად, ჩინურ იმპორტზე დაწესდა უკვე არსებულ ტარიფზე დამატებით 34%-იანი ტარიფი. ჯამში, აშშ-ს მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფი 54%-ს შეადგენს. 34%-იანი იმპორტის გადასახადი ძალაში 9 აპრილს შევა.
საპასუხოდ, ჩინეთმა 4 აპრილს ასევე დაანონსა 34%-იანი ტარიფი აშშ-ს წინააღმდეგ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 7 აპრილს განაცხადა, რომ მუქარები და ზეწოლა ჩინეთთან ურთიერთობის სწორ გზას არ წარმოადგენს. პეკინმა განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ თანაბარ "საპასუხო" ტარიფთან დაკავშირებით გააკეთა და ეს "ეკონომიკურ ბულინგად" შეაფასა.
ამასთან, 8 აპრილს ჩინეთმა პირობა დადო, რომ აშშ-ს მიერ ტარიფების კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაშიც კი, "ბოლომდე იბრძოლებდა".
"თუ აშშ გააგრძელებს ამ გამწვავებული სატარიფო ზომების მიღებას, ჩინეთი მტკიცედ მიიღებს საპასუხო ზომებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. თუ აშშ ამ გზაზე სვლას დაიჟინებს, ჩინეთი ბოლომდე იბრძოლებს". - განაცხადა ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა.
ამასთან, სამინისტროს წარმომადგენელმა აშშ-ს ტარიფების გამოყენების გზით ერთგვარ "შანტაჟში" დასდო ბრალი.
"აშშ-ს მხარის მუქარა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფებს გაამწვავებს, შეცდომაა შეცდომის თავზე, რაც კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს ამერიკული მხარის შანტაჟის ხასიათს". - დაამატა პრესსპიკერმა.
ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.





