ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, მუქარები და ზეწოლა ჩინეთთან ურთიერთობის სწორ გზას არ წარმოადგენს. პეკინმა განცხადება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ თანაბარ "საპასუხო" ტარიფთან დაკავშირებით გააკეთა და ეს "ეკონომიკურ ბულინგად" შეაფასა.
"[ტარიფები] ტიპიური უნილატერალიზმი, პროტექციონიზმი და ეკონომიკური ბულინგია". - თქვა სპიკერმა ლინ ძიენმა პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ "საპასუხო" ტარიფები მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ს ინტერესს მოემსახურება, თუმცა სხვა ქვეყნების ხარჯზე.
"აშშ-ს მიერ ტარიფების არაკეთილსინდისიერი გამოყენება არის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით გლობალურ სამხრეთში მდებარეებისთვის, განვითარების უფლების წართმევა". - თქვა ძიენმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე დაამატა, რომ ქვეყნებმა კონსულტაციები უნდა გამართონ და "წრფელი მულტილატერალიზმი" ჩამოაყალიბონ.
ძიენმა ასევე მოუწოდა ქვეყნებს, ერთობლივად შეეწინააღმდეგონ ყველა ფორმის უნილატერალიზმსა და პროტექციონიზმს და დაიცვან საერთაშორისო სისტემა და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ღირებულებების თანახმად.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე ტარიფების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ბრძანების თანახმად, ჩინურ იმპორტზე დაწესდა უკვე არსებულ ტარიფზე დამატებით 34%-იანი ტარიფი. ჯამში, აშშ-ს მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფი 54%-ს შეადგენს. 34%-იანი იმპორტის გადასახადი ძალაში 9 აპრილს შევა.
საპასუხოდ, ჩინეთმა 4 აპრილს ასევე დაანონსა 34%-იანი ტარიფი აშშ-ს წინააღმდეგ.
ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.





