Washington Post-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და აშშ-ს ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპთან პირად საუბრებში ეცადა, პრეზიდენტი ტარიფების აგრესიული პოლიტიკის უკან გაწვევაში დაერწმუნებინა.
როგორც გამოცემა წერს, მასკის ძალისხმევა, საკითხზე ინფორმირებული 2 ანონიმური პირის ცნობით, ჯერჯერობით წარუმატებელია; ტრამპი 7 აპრილს ჩინეთს 2 აპრილს გამოცხადებული 34%-იანი ტარიფის კიდევ 50%-ით გაზრდით დაემუქრა.
ამის პარალელურად, მასკმა X-ზე ცნობილი კონსერვატორი ეკონომისტის, მილტონ ფრიდმანის ვიდეო დაპოსტა, რომელშიც ფრიდმანი საერთაშორისო სავაჭრო კოოპერაციის სარგებელზე ლაპარაკობს.
ამასთან, მილიარდერი ბიზნესმენი ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ტარიფების საკითხთან დაკავშირებით გამოირჩევა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების კრიტიკითაც. 5 აპრილს ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, პიტერ ნავაროსთან დაკავშირებით მასკმა დაწერა:
"დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში ჰარვარდიდან ცუდი რამაა და არა კარგი". - ხაზი გაუსვა მასკმა ნავაროს ალმა-მატერსა და დიპლომს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ "პრეზიდენტმა ერთ გუნდში თავი მოუყარა უმაღლესად ნიჭიერ და გამოცდილ ინდივიდებს, რომლებსაც მაგიდასთან სხვადასხვა იდეები მოაქვთ და აცნობიერებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ტრამპი იღებს".
ასევე, რამდენიმე დღის წინ, იტალიის ვიცეპრემიერ მატეო სალვინისთან საუბრისას მასკმა თქვა, რომ ისურვებდა, აშშ-სა და ევროპას შორის "თავისუფალი სავაჭრო ზონა" ენახა.
"დღის ბოლოს, ვიმედოვნებ, ყველა ვთანხმდებით, რომ ორივე, ევროპაც და აშშ-ც, იდეალურ შემთხვევაში, ჩემი თვალსაზრისით, ნულოვანი ტარიფის ვითარებისკენ უნდა წავიდნენ". - თქვა მასკმა.
ვიდეო მიმართვისას მასკმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის უფრო მეტი პარტნიორობა იქნება, ხოლო აშშ-ში ან ევროპაში მუშაობის მსურველებს უფრო თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება.
"რა თქმა უნდა, ეს ჩემი რჩევა არის პრეზიდენტისადმი". - თქვა მასკმა.
ცნობისთვის, ტრამპის მიერ 2 აპრილს 180-ზე მეტ ქვეყანაზე დაწესებულმა ტარიფებმა როგორც აშშ-ს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.
ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს დაუწესდა, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე, რომლებიც ძალაში 9 აპრილს შევა.
მასკის კომპანია Tesla-ს აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა. წლის დასაწყისიდან Tesla-ს აქციის ფასი 40%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის დეკემბერში მიღწეულ რეკორდულ ფასთან შედარებით - 55%-ით.
ამასთან, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ერთ დღეში $208 მილიარდით გაუფასურდა.
კონკრეტულად მასკის ქონება მიმდინარე წელს ჯამში $110 მილიარდით გაუფასურდა, აქედან $11 მილიარდით 3 აპრილს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების დაანონსების შემდეგ, რა დროსაც Tesla-ს აქციები 5.5%-ით შემცირდა.
ილონ მასკმა შარშანდელ, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპისა და სხვა რესპუბლიკელების წინასაარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად თითქმის 290 მილიონი დოლარი დახარჯა და იანვრიდან აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ძალისხმევას ხელმძღვანელობს, შემცირდეს ფედერალური ბიუროკრატია აშშ-ს მთავრობაში.





