კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა აშშ-ირანს შორის ბირთვული იარაღის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას შეუწყოს ხელი.
"ჩვენ მუდმივ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს ირანელ პარტნიორებთან, მათ შორის ბირთვული შეთანხმების საკითხზე. პროცესი ახლო მომავალში გაგრძელდება. რა თქმა უნდა, რუსეთი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა ამ პრობლემის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებას შეუწყოს ხელი" – ამბობს პესკოვი.
ამერიკული ტელეარხ NBC News-ის ინფორმაციით, 30 მარტს, მათთან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით დაემუქრა, თუკი ისინი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ დადებენ.
"თუ ისინი [ირანი] შეთანხმებას არ დადებენ, დაბომბვა იქნება და ისეთი სახის დაბომბვა იქნება, როგორიც არასდროს უნახავთ". - ციტირებს ტრამპს NBC News-ის წამყვანი კრისტენ უელკერი.
7 მარტს დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება სურდა და დაამატა, რომ წინა დღით ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით იმედს გამოთქვამდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.
ამასთან, 19 მარტს Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად.