გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაგზავნილ წერილში ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, 2-თვიანი ვადა მისცა ახალი ბირთვული შეთანხმების დასადებად. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ამერიკელ მაღალჩინოსანსა და წერილის შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Axios-ის ინფორმაციით, გაურკვეველია, თუ როდიდან იწყება 2-თვიანი ვადის ათვლა - წერილის გაგზავნის მომენტიდან თუ მოლაპარაკებების დაწყებიდან, თუმცა, გამოცემა წერს, რომ ირანის მხრიდან ტრამპის გზავნილის უგულებელყოფისა და მოლაპარაკებების არ გამართვის შემთხვევაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სამხედრო იერიშების მიტანის შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ორი კვირის წინ Fox News-სთან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ძალიან მალე რაღაც მოხდება. მირჩევნია, სამშვიდობო შეთანხმება მქონდეს, ვიდრე - სხვა ვარიანტი, მაგრამ სხვა ვარიანტი პრობლემას მოაგვარებს". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, წერილი რამდენიმე დღის წინ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე გადასცა. ხოლო ერთი დღის შემდეგ საამიროების პრეზიდენტის წარმომადგენელი თეირანში გაემგზავრა და ტრამპის წერილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის გადასცა.
წყაროების თქმით, ტრამპის მიერ გაგზავნილი წერილი "ხისტი" იყო - ერთი მხრივ, ირანს ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გამართვის წინადადებით მიმართავდა, მაგრამ, მეორე მხრივ, საპასუხო ქმედებებით იმუქრებოდა, თუკი ირანი წინადადებას უარყოფდა და ბირთვული პროგრამის განვითარებას გააგრძელებდა.
თავდაპირველად, 8 მარტს წერილის მიღება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო და განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების პერსპექტივას გამორიცხავს მანამ, სანამ ვაშინგტონის სანქციები თეირანზე ძალაში რჩება. ამავე დღეს, ხამენეიმ თქვა, რომ ირანი აშშ-ს "ჩაგვრის" ქვეშ მოლაპარაკებებს არ გამართავს.
თუმცა მოგვიანებით, 9 მარტს გაეროში ირანის მისიამ X-ზე გავრცელებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანი განიხილავს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის ბირთვული პროგრამის პოტენციურ მილიტარიზაციაზე არსებულ შიშებთან დაკავშირებით.
"თუ მოლაპარაკებების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის პოტენციურ მილიტარიზაციასთან მიმართებით არსებული შიშების განხილვა იქნება, მსგავსი დისკუსიები შესაძლოა, განხილვის საგანი გახდეს". - დაწერა მისიამ პოსტში, თუმცა, დაამატეს, რომ "თუკი მიზანი ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის დაშლა იქნება... მსგავსი მოლაპარაკებები არასდროს შედგება".
12 მარტს ირანმა კვლავ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა. ამჯერად ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი ამბობდა, რომ ირანი არ დათანხმდებოდა აშშ-სთან მოლაპარაკებებს მანამ, სანამ მას ემუქრებიან.
"მიუღებელია ჩვენთვის, რომ ისინი [აშშ] ბრძანებებს იძლევიან და გვემუქრებიან. თქვენთან მოლაპარაკებებს არც კი ვაპირებ. რაც გინდათ, ის გააკეთეთ" – თქვა ირანის პრეზიდენტმა ირანულ მედიასთან.
ამას გარდა, 19 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ირანი ბირთვულ იარაღს ვერ დაეუფლოს.
"ჩემი აზრით, პრეზიდენტმა [ტრამპმა] გარკვევით თქვა. ის მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს ზედმიწევნით ნათელია. ის არის პრეზიდენტი, რომელსაც მშვიდობის ხელშეწყობა სურს. რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ბევრად ურჩევნია, ეს დიპლომატიურად მოაგვაროს, ომის გარეშე. ეს ურჩევნია, ყოველთვის ამჯობინებს ამას, მაგრამ თუ აიძულებთ, აირჩიოს ბირთვულ ირანსა და მოქმედებას შორის, პრეზიდენტი მკაფიოდ ამბობს: იგი იმოქმედებს". - თქვა რუბიომ.