აშშ-რუსეთი

რა ილაპარაკა პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ

კირილ დმიტრიევი  
Фотохост Конгресса молодых ученых  

2-3 აპრილს ვლადიმირ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევმა აშშ-ში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. 

შეხვედრების შემდეგ პუტინის წარმომადგენელმა მედიასთან ისაუბრა. საკუთარ ტელეგრამ არხზე მან მოკლედ შეაჯამა, თუ რა საკითხებზე ილაპარაკა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან: 

  • დმიტრიევის მტკიცებით, შეხვედრებმა მოახდინეს აზრთა სხვადასხვაობის გადამლახველი და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხების გადაჭრის შესაძლებლობის მქონე პირდაპირი დიალოგის აღდგენისთვის მზაობის დემონსტრირება.
  • პუტინის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრების დროს განიხილეს რუსეთში ამერიკული ინვესტიციების დაბრუნების, ასევე ერთობლივი პროექტების შექმნის შესაძლებლობა.
  • "განვიხილეთ არქტიკაში თანამშრომლობის მიმართულება, იშვიათი წიაღისეული ლითონებისა და სხვა პრიორიტეტული სექტორების სფეროში." - წერს დმიტრიევი. 
  • "მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და კულტურულ, ტურისტულ და რელიგიურ სფეროებში გაცვლის განვითარებაზე." - ამბობს პუტინის წარმომადგენელი.

დმიტრიევის თქმით, ახლო მომავალში დაგეგმილია მორიგი შეხვედრები, რომლებიც "მიღწეული პროგრესის გამტკიცებას" ხელს შეუწყობს და "გააგრძელებს ორივე ქვეყნის ინტერესებს შორის მტკიცე ურთიერთობის ჩამოყალიბების ძალისხმევას გააგრძელებს".

ჟურნალისტებთან საუბარში დმიტრიევი კვლავ ირწმუნებოდა, რომ არსებობენ "მოთამაშეები", რომლებიც რუსულ-ამერიკული ურთიერთობის გამოსწორების წინააღმდეგ მოქმედებენ, მაგრამ, მისივე მტკიცებით, "პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის უმნიშვნელოვანესი პირები მიზანდასახულები არიან, გადაჭრან რუსულ-ამერიკული ურთიერთობების საკითხების მთელი სპექტრი".

"რა თქმა უნდა, ისინი მიზანდასახულები არიან გეოპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, ისმენენ რუსეთის პოზიციებს მრავალ საკითხზე. რაც განასხვავებს პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციას არის ის, რომ, პრეზიდენტი ბაიდენისგან განსხვავებით, ისმენს რუსეთის პოზიციებს, ესმის რუსეთის შეშფოთებები. რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ არის პროცესი, დიალოგი, რომელიც, ჩვენი გაგებით, ამ აზრთა სხვადასხვაობის გადალახვაში დაგვეხმარება." - თქვა დმიტრიევმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

დმიტრიევის თქმით, ამერიკელი კოლეგები რუსეთში მოიწვიეს.

პუტინის წარმომადგენელი სტუმრად Fox News-ის ეთერშიც მივიდა. დმიტრიევმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეძლო და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიალოგი შეჩერებული იყო. მისივე თქმით, ტრამპის გუნდმა შეძლო უკრაინაში მიმდინარე ომის თვალსაზრისით პირველი დეესკალაციის მიღწევა, ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების შეჩერების შეთანხმების სახით. მისი თქმით, ტრამპის ჯგუფმა შეძლო მესამე მსოფლიო ომის არიდება და უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში დიდი პროგრესის მიღწევა. 

Fox News-ის წამყვანმა დმიტრიევს შეახსენა, რომ რუსეთმა ამ შეთანხმების შემდეგ უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები მაინც მიიტანა, თუმცა, პუტინის წარმომადგენელმა ბრალი უკრაინისკენ გადაიტანა და დაიწყო მტკიცება, რომ პირველი იერიშები კიევმა მიიტანა. 

"რუსეთი სანქციების მოთხოვნას არ ითხოვს." - უპასუხა დმიტრიევმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მოსკოვისთვის სანქციების მოხსნა მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი. 

"აშშ-ს კომპანიებმა 300 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი დაკარგეს რუსეთიდან გასვლით. მე ვფიქრობ, სანქციების მოხსნა შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა აშშ-ს კომპანიები რუსეთში დაბრუნებას, ბიზნეს შესაძლებლობებით სარგებლობას მოინდომებენ. თუმცა, ახლა რუსეთი არ აკეთებს არანაირ წინაპირობებს სანქციების შემსუბუქებისთვის." - თქვა დმიტრიევმა. 

FOX-ის ჟურნალისტმა დმიტრიევს ჰკითხა, გაუკვირდა თუ არა, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნებისადმი დაწესებული ტარიფების სიაში არ მოხვდა. 

"ვფიქრობ ეს ტრამპის ადმინისტრაციის ტექნიკური საკითხი იყო. ამ მოლაპარაკების დიდი ნაწილი ეს არ იყო, ან ნაწილი დიდად არც ყოფილა. თუმცა, ვფიქრობ, არსებობს დიდი შესაძლებლობა გვქონდეს დიალოგი და საქმიანობა ერთმანეთთან." - თქვა დმიტრიევმა და დაამატა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის, ასევე საკანონმდებლო შტოს ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ რუსეთთან "მეტი ბიზნესის კეთება და ურთიერთობების აღდგენა" "კარგი იდეაა".

დმიტრიევი შეეხო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის საკითხსაც. მისი მტკიცებით, ტრამპის ადმინისტრაცია კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის პოზიციებს ითვალისწინებს.

"უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, საერთოდ არ არის შესაძლებელი და მგონია, რომ ეს აზრი ფართოდაა მიღებული ტრამპის ადმინისტრაციის ჩათვლითაც. გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები, გარკვეული ფორმით, შესაძლოა მისაღები იყოს". - თქვა დმიტრიევმა.

დმიტრიევმა ასევე თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დროს კიევის ძლიერი პოზიციების გატანას ცდილობს. 

"მას (რედ. - პუტინს) სურს ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში. მგონი, საჯაროდაც თქვა, რა არის ამის წინაპირობები. ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციაც ასევე ძალიან ხმამაღლა აჟღერებს ჩვენს მოლაპარაკებებში, რომ სამართლიანი შეთანხმება სურთ, მაგრამ ბევრ მოლაპარაკებაში, რეალურად, ისინი ძლიერი უკრაინის [პოზიციის] გატანას ცდილობენ, მხარს უჭერენ უკრაინის ძლიერ პოზიციებს. ასე რომ, მათ უნდათ სამართლიანი შეთანხმება, მაგრამ სურთ, რომ უკრაინა ძლიერი იყოს." - თქვა დმიტრიევმა. 

დმიტრიევის მტკიცებით, მოსკოვთან შეთანხმების დადებით რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებთან ომები დასრულდება. როგორც ის ირწმუნება, არსებობს "ცრუ ნარატივები", რომ რუსეთი შესაძლოა ევროპაში შეიჭრას. მისი თქმით, ეს "გიჟური იდეაა".

კირილ დმიტრიევი გასულ დღეებში პუტინის დავალებით, აშშ-ში თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდა. ცნობების მიხედვით, ის შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მაღალჩინოსანი აშშ-ში მაღალჩინოსნებთან შესახვედრად ჩავიდა. CNN-ი წერდა, რომ აშშ-მ დმიტრიევს სანქციები დროებით მოუხსნა, რათა მას ქვეყანაში ჩასვლისთვის ვიზა მიეღო.

კომენტარები