აშშ-NATO

რუტე: აშშ ევროპის თავდაცვიდან მოულოდნელად გამოთიშვას არ გეგმავს

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, აშშ-ს არ აქვს ევროპის თავდაცვის სტრუქტურიდან "მოულოდნელი გასვლის გეგმა". რუტე ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს მხრიდან აზიაზე ფოკუსის გადატანა ევროპელ მოკავშირეებთან იქნება კოორდინირებული. ამასთან დაკავშირებით მან 3 აპრილს ისაუბრა.

"არ არსებობს არანაირი გეგმა, რომლის მიხედვითაც აშშ მოულოდნელად შეამცირებს თავის სამხედრო მზადყოფნას ევროპაში. თუმცა ისიც გვესმის, რომ აშშ, როგორც გლობალური სუპერძალა ვალდებულია, სხვა რეგიონებსაც მიაქციოს ყურადღება. ალიანსის ფარგლებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შეთანხმებით, ერთობლივი მუშაობის პრინციპით, თუ ამერიკას სურს მეტი ფოკუსი გადაიტანოს აზიაზე, ცხადია, ამას კოორდინირებულად განვახორციელებთ,"- თქვა რუტემ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას. 

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, თავის მხრივს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს თავის ევროპელ კოლეგებთან საუბარში თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "მხარს უჭერს NATO-ს", თუმცა სურს, რომ მოკავშირეებმა აიღონ პასუხისმგებლობა და შეიმუშაონ "რეალისტური გზა", რომელიც NATO-ს შესაძლებლობების გაძლიერებაში მათ მონაწილეობას გაზრდის.

"პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ გვაჩვენა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ს და ალიანსის წევრებად ვრჩებით. ის NATO-ს წინააღმდეგი არ არი. ტრამპი იმ NATO-ს წინააღმდეგია, რომელსაც საჭირო შესაძლებლობები არ გააჩნია. გვინდა, აქედან გავიდეთ საერთო წარმოდგენით, რომ ყველა წევრი ქვეყანა დგას რეალისტურ გზაზე, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვითი ხარჯების 5 პროცენტამდე გაზრდას. და ეს ეხება აშშ-საც. ეს არის განვითარებული ეკონომიკების ერთობა - მდიდარი ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ მეტი გააკეთონ," - თქვა მარკო რუბიომ და დაამატა, რომ რომ ამისთვის ევროპულმა მთავრობებმა უნდა შეცვალონ მიდგომა.

კომენტარები