ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებული MEGOBARI აქტი, მისთვის საქართველოსთან მიმართებით აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის გზავნილად არ აღიქმება.
შეგახსენებთ, MEGOBARI აქტი ორპარტიული დოკუმენტია.
"წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან. აქედან გამომდინარე მე ნამდვილად ვერ წავიკითხავ ამ აქტს, როგორც ახალი ადმინისტრაციის გზავნილს საქართველოსთან მიმართებაში.
მე უფრო დავარქმევდი ალბათ იგივე ძალების მცდელობებს, რაღაცნაირად კიდევ ერთხელ დააყენონ დღის წესრიგში საქართველო ნეგატიური კონტექსტით, ნეგატიური აქცენტით და შეეცადონ ამ საკითხით კიდევ ერთხელ დღის წესრიგის შექმნას საქართველოში.
ეს აქტი არ არის საბოლოოდ მიღებული. საბოლოო მიღებამდე ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ დამტკიცდეს. ძალიან დიდ ეჭვს გამოვთქვამდი იმასთან შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომ ეს აქტი ამ ფორმით დამტკიცდეს. ორპარტიულობა ერთია, პარტიის შიგნითაც გვესმის ხშირად ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები". - თქვა ბოჭორიშვილმა სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის იმედის ეთერში.
27 მარტს სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა MEGOBARI აქტი, რომელსაც ძალაში შესასვლელად ამერიკის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უნდა უყაროს. აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.





