ჩინეთმა ტაივანის ირგვლივ მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო, რომელშიც ჩინეთის სამხედრო ფლოტი, საჰაერო და სარაკეტო ძალები იღებენ მონაწილეობას.
ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის (PLA) განცხადების მიხედვით, წვრთნები კუნძულის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით ჩატარდება.
"ეს არის გაფრთხილება და "ტაივანის დამოუკიდებლობის" სეპარატისტული ძალების იძულებითი შეკავება, რაც არის ლეგიტიმური და აუცილებელი ზომები ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ერთიანობის დასაცავად" – წერია განცხადებაში.
ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის ქმედებებს "უპასუხისმგებლო" და "დაუდევარი" უწოდა.
"ეს დაიწყო ყველანაირი გამართლების გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართალს და სრულიად მიუღებელია. დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა უნდა დაგმონ ჩინეთი პრობლემების გამოწვევის გამო" – წერს ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალური მდივანი, ჯოსეფ ვუ X-ზე.
ჩინეთის აგრესიულ ქმედებებს წინ უძღვოდა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის პირველი ვიზიტი აზიურ ქვეყნებში. ჰეგსეთი ეწვია ფილიპინებსა და იაპონიას და ორივე ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ჩინეთის შეკავების აუცილებლობას და ამ პროცესში აშშ-ს მხარდაჭერა გამოხატა.