ნარკოპოლიტიკა

იურიდიულმა კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის დამძიმებას II მოსმენით დაუჭირა მხარი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ანტინარკოტიკულ კანონპროექტს II მოსმენით დაუჭირა მხარი. 

სხდომაზე II მოსმენის წესით გათვალისწინებული ცვლილებები ივანიშვილის წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ წარადგინა. როგორც ინიცირებულ კანონპროექტში წერია, ნარკოტიკული ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისგან თავის არიდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ხდება.

ცვლილებების მიხედვით, 45-ე მუხლის მე-7 ნაწილი: თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა: მარიხუანა ან მცენარე კანაფი), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა.

გორდულაძის თქმით, პირს ექნება არჩევანი ნიმუში აიღოს ან შსს-ს საექსპერტო დაწესებულებაში, ან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 

II მოსმენის ცვლილება ასევე ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში კანონის გამკაცრებას. 

"წარმოიდგინეთ შემთხვევა, როდესაც ადამიანი მართავს ნარკოტიკული თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალებას. ის არის მომეტებული საფრთხის მქონე როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მანქანაში მსდომი მგზავრებისთვის და ქვეითად მოსიარულეებისა და საგზაო მოძრაობაში სხვა პირებისთვის. შესაბამისად, კანონმდებელს უკვე განსაზღვრული აქვს, რომ პატიმრობა იყოს გამოყენებული. შემოგთავაზეთ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სსახით.

  • თუ ადამიანი თავს არიდებს შემოწმებას, შემოთავაზებული გვაქვს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა 1 000 ლარი და მართვის უფლების 1 წლით შეჩერება. 
  • თუ არის M1,M2, M3 და O კატეგორიის მძღოლი, მაშინ 2 000 ლარით და მართვის უფლების 2 წლით შეჩერება. განმეორების შემთხვევაში გამოყენებული იყოს კიდევ უფრო დიდი სახდელები" - თქვა გორდულაძემ. 

ივანიშვილის წარმომადგენლის თქმით, მართვის მოწმობის აღდგენის მიზნით, კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნას კომისია, რომელიც ინდივიდუალურად იმსჯელებს ამ საკითხზე. 

"შემოთავაზებული გვექნება, რომ შსს-ში არსებობდეს შესაბამისი კომისია, სადაც შემადგენლობა და საქმიანობის წესი საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქნება დადგენილი, ჩაერთვებიან, როგორც შსს-ს წარმომადგენლები, ისე ჯანდაცვის  და სხვა სამინისტროების, რომლებიც ამ უფლების აღდგენის თაობაზე იმსჯელებენ ინდივიდუალურად ყველა პირთან დაკავშირებით" - აღნიშნა გორდულაძემ. 


ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე 19 მარტს დაუჭირეს მხარი. 

10 მარტს ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა. 

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. კერძოდ:

მარიხუანას შემთხვევაში, თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა გამომშრალი 500 გრამი მარიხუანას ფლობა, ახლა იგივე 250 გრამზე იქნება. ნედლ მდგომარეობაში აქამდე 1 000 გრამი იყო, კანონპროექტის მიხედვით, კი 500 გრამი იქნება.

რაც შეეხება კოკაინს (ფუძე და მარილები), თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა 6 გრამი კოკაინი, კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა 3 გრამი გახდება.

თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინი 0,12 გრამი იყო, ახალი კანონით 0,06 გრამი იქნება.

პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა - აქამდე 50 გრამი, ახალი კანონით, 25.

ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) აქამდე - 5 გრამი, ახალი კანონით - 2.5 გრამი.

თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით კეტამინი 10 გრამი იყო, ახალი კანონით 5 გრამი იქნება.

პრეგაბალინი - აქამდე 60 გრამი, ახალი კანონით - 30 გრამი.

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქართულმა ოცნებამ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი 14 მარტს დაუჭირა.

კომენტარები