ნარკოპოლიტიკა

"ოცნების" ახალი ნარკოპოლიტიკა - რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით

10 მარტს ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა. 

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. კერძოდ:

მარიხუანას შემთხვევაში, თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა გამომშრალი 500 გრამი მარიხუანას ფლობა, ახლა იგივე 250 გრამზე იქნება. ნედლ მდგომარეობაში აქამდე 1 000 გრამი იყო, კანონპროექტის მიხედვით, კი 500 გრამი იქნება.

რაც შეეხება კოკაინს (ფუძე და მარილები), თუკი აქამდე განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლებოდა 6 გრამი კოკაინი, კანონპროექტის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა 3 გრამი გახდება.

თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინი 0,12 გრამი იყო, ახალი კანონით 0,06 გრამი იქნება.

პსილოციბინის ან პსილოცინის შემცველი სოკოს ნებისმიერი სახეობა - აქამდე 50 გრამი, ახალი კანონით, 25.

ტეტრაჰიდროკანაბინოლები (ყველა იზომერი და მათი სტერეოქიმიური ვარიანტები) აქამდე - 5 გრამი, ახალი კანონით - 2.5 გრამი.

თუ აქამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით კეტამინი 10 გრამი იყო, ახალი კანონით 5 გრამი იქნება.

პრეგაბალინი - აქამდე 60 გრამი, ახალი კანონით - 30 გრამი.

რა იცვლება ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში:

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს დაემატება 3¹ მუხლი, სადაც განმარტებული იქნება რას ნიშნავს - ნარკოვაჭრობა, ნარკომოვაჭრე.

კანონპროექტის მიხედვით:

  1. ნარკოვაჭრობა - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება.
  2. ნარკომოვაჭრე - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გამსაღებელი.

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში განისაზღვრება, ვინ არიან ნარკომოვაჭრეების ოჯახის წევრები, ახლო ნათესავები ან დაკავშირებული პირები:

  1. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ მუდმივად მცხოვრები პირი.
  2. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის ახლო ნათესავი არის მისი პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი.
  3. რეკეტირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან/„კანონიერ ქურდთან“ ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირი არის პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან ნარკომოვაჭრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით სარგებლობს რეკეტირი, „ქურდული სამყაროს“ წევრი/„კანონიერი ქურდი“ ან ნარკომოვაჭრე.

კანონპროექტს მიხედვით, ასევე განისაზღვრება რა ითვლება ნარკომოვაჭრის ქონება: "ნარკომოვაჭრის ქონება არის ნარკომოვაჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ნარკომოვაჭრესთან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს".

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ნარკომოვაჭრის ქონება ჩამორთმევას ექვემდებარება. "მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შედეგ გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება კანონიერი მესაკუთრის დადგენა, გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში." - ეს მუხლი ასევე ვრცელდება ე.წ. კანონიერი ქურდებისა და რეკეტულ ქონებებზეც.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნარკოდანაშაულთა ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგეს, რადგან "ნარკოდანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდა-განვითარებას, აგრეთვე - ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას".

რა იცვლება სისხლის სამართლის კოდექსში:

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი  - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა, შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება:

  1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა ან/და შენახვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე .
  2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. - ეს ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.
  3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
  4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი არ ვრცელდება მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე.

ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას. ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, თუ გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან ნებისმიერი საკომუნიკაციო ფორმით განაცხადებთან ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.

260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი დაისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. 

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს დაემატება ახალი მუხლები, კერძოდ:

260¹ მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა:

  1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე.
  2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე. ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.
  3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
  4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება ის, ვინც გამოძიების დაწყებამდე, ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

მუხლი არ ვრცელდება მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე. 

რაც შეეხება მცენარე კანაფსა და მარიხუანას, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პირმა მუხლში. კერძოდ აქამდე მოქმედი რედაქციით, 273-ე პრიმა მუხლის დასახელება - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება, შეიცვლება - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა - იქნება.

ამოიღებენ მუხლის მე-8 - მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, და მე-10 ნაწილებს - ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

კოდექსს დაემატება 260² მუხლი - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება და 260³ მუხლი - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვა.

260² მუხლის მიხედვით:

  1. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
  2. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.
  3. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
  4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
  5. ამ მუხლის პირველი ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.
  6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ცხრა წლამდე.
  7. ამ მუხლის მე-2 ან მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
  8. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
  9. ამ მუხლის მე-3 ან მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 

260³ მუხლის მიხედვით:

  1. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გაყიდვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
  2. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გაყიდვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
  3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.
  4. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან 17 წლამდე.
  5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
  6. ამ მუხლის მე-2 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლი - ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

  1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
  2. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
  3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
  4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე. 

ემატება ახალი 261¹ მუხლი, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა:

  1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
  2. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
  3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დიდი ოდენობით; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
  4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება შემდეგი რედაქციით იქნება:

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ან ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180-საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

რა იცვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში:

ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა - მცენარე კანაფი ან მარიხუანა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან ნარკოტიკული საშუალების, (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. მოქმედი რედაქციით მუხლი 500-ლარიან ჯარიმას, ან გამონაკლის შემთხვევაში, 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს. 

ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას და მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით. მოქმედი რედაქციით, გათვალისწინებული იყო იარაღის ტარების უფლების 3-წლამდე ვადით ჩამორთმევა.

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს მართვის მოწმობა არ აქვს, ის გამოცდაზე დაიშვება სახდელის დაკისრებიდან 3 წლის შემდეგ. 

45-ე მუხლის შენიშვნებს დაემატება ახალი ნაწილები:

მე-6 ნაწილი: თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა - მარიხუანა ან მცენარე კანაფი), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უზრუნველყოფს ამ პირის შემოწმებას ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა - მარიხუანა ან მცენარე კანაფი), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე.

მე-7 ნაწილი: თუ პირის გარეგნული ან/და ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი იმყოფება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა: მარიხუანა ან მცენარე კანაფი), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების ქვეშ, პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა.

შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების წარმოდგენისას სათანადო ნიმუში აღებული უნდა იქნას არაუგვიანეს მიმართვის გამოწერიდან 8 საათისა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე, გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა, ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების წარუდგენლობა ან/და წესის დარღვევით წარდგენა ჩაითვლება ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად.

თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდება ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, პირს უფლება აქვს, აღნიშნული გამოკვლევიდან შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში ჩაიტაროს კლინიკური გამოკვლევა არაუგვიანეს 8 საათისა აღებული ნიმუშის საფუძველზე. თუ ერთობლივი, კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების შედეგად პირს არ დაუდგინდება მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი ის გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან და უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, შს და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების უფლება.

მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა - ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 5 წლის ვადით და მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით.

გარდა ამისა, იგივე მუხლზე დადგენილი სამართალდარღვევის დადგენისას /პასუხისმგებლობის დაკისრებისას გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული წესი.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე პრიმა მუხლით [მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა] გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის პირს სასამართლომ შეიძლება 5 წლამდე ვადით ჩამოართვას "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
  • საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
  • საადვოკატო საქმიანობის უფლება;
  • პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;
  • პასიური საარჩევნო უფლება;
  • იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

რა იცვლება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში:

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 5 წლით ჩამოერთმევა:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
  • საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
  • საადვოკატო საქმიანობის უფლება;
  • პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება;
  • პასიური საარჩევნო უფლება;
  • იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

რა იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში:

საჯარო სამსახურში მუშაობას ან სტაჟირება ვერ დაიწყებს პირი თუ არ წარადგინა, ცნობა, რომელიც არ ადასტურებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება აქვს მოხმარებული. ასევე, თუ არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ მას არ აქვს შეზღუდული საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებნ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომენტარები