პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქართულმა ოცნებამ ანტინარკოტიკულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
სხდომაზე კანონპროექტის ძირითადი პრინციპები ივანიშვილის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
"წარმოდგენილი საკანონდმებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნება ერთი მხრივ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და მეორე მხრივ, უკანონოდ დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, რომელიც ცალკე მუხლად გამოიყოფა და შესაბამისად, გაიზრდება აღნიშნული დანაშაულის სასჯელისთვის ზომები.
ცალკე შემადგენლობად განისაზღვრება ფსიქოტროპული ნივთიერებების, მისი ანალოგის, ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან გაყიდვა. შემოგვაქვს ახალი მოცემულობა, რომ დღევანდელ მოცემულობაში ნარკოტიკების გასაღება მოიცავდა ერთი ნარკოდამოკიდებულის მიერ მეორესთვის ნარკოტიკის გადაცემასაც, თუმცა, ახლა გთავაზობთ, რომ ერთმაენთისგან გაიმიჯნოს ის ადამიანები, რომლებიც ყიდიან სიკვილს, იღებენ მატერიალურ ან ფულად სარგებელს და მათ მიმართ იყოს განსაკუთრებულად მკაცრი პასუხისმგებლობა, მცირე ოდენობისთივს პასუხისმგებლობა 12 წლიდან, იქნება 12-დან 20 წლამდე ან უვადო, დიდი ოდენობის შემთხვევაში 14 წლიდან 20 წლამდე ან უვადო, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო. ცალკე მუხლად არის სხვა საშუალებები - ფსიქოტროპული თუ სხვა მავნე საშუალებების გაყიდვაზე და აქაც რიგ შემთხვევაში გამკაცრდება სასჯელი.
შემოდის ახალი რეგულირებაც, კერძოდ, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, რომ თუ ადამიანი არის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, მას ეს ვიზუალურად ეტყობა და არსებობს საკმარისი შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიციელს გაუჩნდეს მისი გადამოწმების შანსი - მაშინ ან პოლიციელი გადაიყვანს შესაბამის ტესტირების დაწესებულებაში ან შეუძლია არ გაყვეს პოლიციელს და თვითონ ექნება შესაძლებლობა 8 საათის გამნავლობაში ჩაიტაროს ტესტირება და 24 საათის განმავლობაში შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს შესაბამის ორგანოს. თუ ასე არ მოიქცევა, ჩაითვლება რომ თავს არიდებს ტესტირებას, რაც ცალკე სამართალდარღვევა იქნება და ზუსტად იგივე პასუხისმგებლობას გამოიწვევს, რასაც ნარკომომხმარებლის შემთხვევაში და დაჯარიმება იქნება 500-დან 2000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე ვადით.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის ნარკომომხმარებელი, მას 3 წლის ვადით შეეზღუდება მართვის მოწმობით სარგებლობა, ხოლო 5 წლის ვადით საგანმანათლებლო ან საჯარო სამსახურში დასაქმება, ასევე იარაღთან დაკავშირებული სხვა უფლებები. ამავდროულად, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ 1.5 წლის შემდეგ თუ პირი შესაბამის ტესტს მიიტანს, რითაც დასტურდება, რომ აღარ არის ნარკომომხმარებელი, ასევე გადაიხდის გარკვეულ თანხას, შეძლებს, რომ აღიდგინოს მართვის მოწმობა. ვერც აიღებს მართვის მოწმობას 3 წლის ვადაში თუ ნარკომომხმარებლობა დადასტურდება.
ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში იქნება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ორგანიზებულ დანაშაულს მიეკუთვნება ნარკოტიკების გასაღება, გაყიდვა და ზუსტად ისეთი პასუხისმგებლობები და შედეგები იქნება, როგორიც არის ქურდული სამყაროს წევრებისთვის და კანონიერი ქურდებისთვის ან ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული სხვა პირებისთვის.
მარიხუანასთან, კანაფთან დაკავშირებით მიდგომა, რა თქმა უნდა, ვერ იქნება იგივე რაც სხვა ნარკოტიკებთან, და დაანებობ თავი სპეკულაციებს". - თქვა გორდულაძემ.
10 მარტს ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გამკაცრება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა. პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები რამდენიმე კანონში შევა, მათ შორის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, გამკაცრდება სასჯელები, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნის, ისე გასაღებისთვის.
ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით იცვლება, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა.
საჯარო სამსახურში მუშაობას ან სტაჟირება ვერ დაიწყებს პირი თუ არ წარადგინა, ცნობა, რომელიც არ ადასტურებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება აქვს მოხმარებული. ასევე, თუ არ წარადგინა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ მას არ აქვს შეზღუდული საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებნ საქართველოს კანონის შესაბამისად.