დემოგრაფია

2024 წელს საქართველოში 4 488 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელსაც, გასული 4 წლის მსგავსად, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა ვიდრე დაიბადა. საქსტატის თანახმად, 2024 წელს 39 483 ბავშვი დაიბადა, ხოლო 43 971 ადამიანი გარდაიცვალა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება  (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) დაფიქსირდა და -4 488 ერთეულით განისაზღვრა.

უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლისა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს დაბადებულებიდან 20 755 ბიჭია და 18 728 გოგო. შობადობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 1.8%-ითაა შემცირებული.

2024 წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა - 14 415, ყველაზე ცოტა კი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - 237 ბავშვი.

"ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 37.7%-დან 35.9%-მდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.7%, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 27.5%-დან 29%-მდე". - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წელს 25 წლამდე დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი წინა წელთან შედარებით, 23.2%-მდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 69.5%. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 6%-დან 7.3%-მდე გაიზარდა.

2024 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 27 წლით განისაზღვრა.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2.8%-ით გაიზარდა. გასულ წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა - 12 492, ხოლო ყველაზე ნაკლები კი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში - 533 კაცი.

ამასთანავე საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 21 653 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით, 2.8%-ით ნაკლებია. რაც შეეხება განქორწინებას, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 2024 წელს 13 520 იყო, რაც 1.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.9 წელს, ხოლო კაცებისთვის 32.2 წელს.

კომენტარები