დემოგრაფია

საქსტატი: 2024 წელს მოსახლეობამ 3 704 500 შეადგინა, მესამედზე მეტი თბილისში ცხოვრობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 704 500 შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 9.9 ათასი კაცით მეტია.

მათივე ცნობით, 2024 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386).

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61.5% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:

  • 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.2%-ს შეადგენს;
  • შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) - 64.2%-ს;
  • 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.6%-ს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის.

40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან პირიქით, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2024 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის უცვლელი დარჩა და 74.9 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.5 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.3 წელი.

2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს.

რაც შეეხება მიგრაციას, 2024 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 121 425 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 50.5%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რაოდენობა 34%-ით შემცირდა და 135 811 კაცი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

2024 წელს, იმიგრანტების 48.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 53.2%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში 23 574 მიგრანტი შემოვიდა, 25 612 კი - წავიდა.

 

კომენტარები