დემოგრაფია

საჭიროა სერიოზული ზომების მიღება, რათა შეიცვალოს მსოფლმხედველობა – კობახიძე დემოგრაფიაზე

ირაკლი კობახიძე პარლამენტში 

ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არა სოციალური მიზეზებით, არამედ ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებით არის გამოწვეული. 

მისი თქმით, საჭიროა მსოფლმხედველობის შეცვლა და მხოლოდ "ეკონომიკური ზრდის იმედად" ვერ იქნებიან, რადგან "თქვენ რომ დახედოთ რუკას თუ სად არის ყველაზე კარგი დემოგრაფიული მაჩვენებლები, ძირითადად შობადობას ვგულისხმობ, ეს არის ყველაზე ნაკლებად ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები".

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში შეკითხვის პასუხად განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. 

კობახიძის განცხადებით, საჭიროა სერიოზული ზომების მიღება, რათა შეიცვალოს საზოგადოების მსოფლმხედველობა - "ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმარულებით განვითარებას".

"გვაქვს უარყოფითი მაჩვენებლები შობადობის ნაწილში, გარდაცვალების მაჩვენებელი აღემატება შობადობის მაჩვენებელს, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მოვლენა და ბუნებრივია, ეს შეცვლას საჭიროებს. ასევე, ქორწინება-განქორწინების თანაფარდობის კუთხით მუდმივად უარესდება მდგომარეობა.

შობადობას რაც შეეხება, საინტერესო დეტალია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სოციალური მიზეზი არ აქვს შობადობის შემცირებას. 90-იან წლებში, პირველ რიგში, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას, საბჭოთა სისტემის რღვევის შემდეგ, მაშინ იყო ბევრად უფრო მაღალი შობადობის კოეფიციენტი საქართველოში, ვიდრე არის დღეს. ანუ, სოციალური მიზეზი ნაკლებად აქვს ამ ყველაფერს.

ასევე, საინტერესო დეტალია, რომ მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის ნაწილში 2014 წლიდან არის მომატებული მაჩვენებლები და არის სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნებული, მკვეთრად, დრამატულად იკლებს პირველი და მეორე ბავშვის, შვილის, შობადობის მაჩვენებელი. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ სოციალური მიზეზი ამას არ აქვს.

რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გვაქვს სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა, რასაც პირველ რიგში უნდა დავუპირისპირდეთ, დადებითი გაგებით. საჭიროა შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. ინტერესი არის შემცირებული ქორწინების კუთხით, ქორწინება-განქორწინების სტატისტიკა ამას აჩვენებს. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე. 

ძალიან მძიმე ტენდენციებია, თუმცა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყველგან სადაც ინტენსიურად და აქტიურად ვრცელდებოდა ე.წ. ლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის პრობლემები". - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, საერთაშორისო პრაქტიკით, "როდესაც უმჯობესდება კეთილდღეობის დონე ამა თუ იმ საზოგადოებაში, ეს პირიქით, განაპირობებს ხოლმე დემოგრაფიული ტენდენციების გაუარესებას".

კომენტარები