რუსული რეჟიმი

ოცნება საგამოძიებო კომისიის მანდატის 2012 წლის შემდეგ პერიოდზე გაზრდას აპირებს

ოცნება თავისი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატის გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ივანიშვილის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას, აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც.

"აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმისი გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან. მეტიც, მუდმივად არიან დაკავებულები მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.

ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერთო ჯამში 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე". - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები