წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ველოდებით შემდეგ გამოძახებას - მამუკა ხაზარაძე მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. 

საქმე წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე ხაზარაძის გამოუცხადებლობას ეხებოდა. გამოკითხვის შემდეგ, ხაზარაძემ თქვა, რომ გამოკითხვაზე ისევ დაიბარებენ.

"დამაზუსტებელი კითხვები იყო, არაფერი მნიშვნელოვანი, ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა ჩატარდა და ველოდებით შემდეგ გამოძახებას. 

მთავარი კითხვა არის რატომ არ მივედი ე.წ პარლამენტში შექმნილ კომისიაზე, რომელსაც ვუწოდე ცირკი, შაპიტო და ბიძინას შოუ. რაზედაც ვუპასუხე, რომ მე, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ათასობით ადამიანმა მოგვცა მანდატი ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ დაგვეტოვებინა ეს მანდატი, იმიტომ რომ არ ვაღიარებთ ამ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაციას. 

წამოღებული მქონდა საბუთები, საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომელიც მინდოდა გამეცნო მოსამართლისთვის, რომ არც ქვეყანას, არც ევროკავშირს, ევროსაბჭოს, აშშ-ს [არ უღიარებია ლეგიტიმაცია]. ასევე, წამოღებული მქონდა ამ მთავრობის დასანქცირებული წევრების სია, რომ დართულიყო ეს საქმეში და ამეხსნა, ეს არ არის ჩემი უბრალოდ მიზეზი, არამედ ეს არის საფუძველი, თუ  რატომ არ ვაღიარებთ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა". - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძეს პროკურატურიდან 26 მარტს დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს. ხაზარაძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ მზად იყო მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს გამოკითხულიყო.

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ 21 მარტს ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა, 25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე კი - შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისიამ ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელა. წულუკიანის განცხადებით, ჯაფარიძის საქმეც პროკურატურას გადაეცემა.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,  ითვალისწინებს.

კომენტარები