წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

წულუკიანი: ბადრი ჯაფარიძემ არ ისურვა კომისიასთან კონტაქტი, საქმე პროკურატურას გადაეცემა

"ბადრი ჯაფარიძემ არ ისურვა კომისიასთან კონტაქტი... საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება სხდომის დასრულების შემდეგ" - თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა პარლამენტში, თეა წულუკიანმა წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე.

წულუკიანის თქმით, საქმე პროკურატურას დღის ბოლომდე გადაიგზავნება.

წულუკიანი ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურას მისი ხელმოწერით გუშინ, დღის ბოლოს გადაეგზავნა.

როგორც ტაბულას პროკურატურაში ეუბნებიან, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ს 349-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო. მუხლი კომისიაზე გამოუცხადებლობას გულისხმობს.

349-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

25 მარტს ჩატარებულ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა. 

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისია ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელებს.

კომენტარები