წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

ხაზარაძე კომისიაზე: პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო

კოალიცია ძლიერი ქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაიბარეს. ხაზარაძის განცხადებით, მზადაა მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მივიდეს.

"პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო.

ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა?

რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ.

მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.

კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ". - წერს ხაზარაძე.

25 მარტს ჩატარებულ, წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს.

ივანიშვილის წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა სხდომაზე თქვა, რომ კომისიაზე არგამოცხადების შემთხვევაში დგება "საკმაოდ მკაცრი სასჯელი", რომელიც ითვალისწინებს, მათ შორის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხაზარაძის საქმე პროკურატურას გადაეცემა

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მას 25 მარტის 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ კომისიის სამდივნოსთვის ეცნობებინა გადაწყვეტილების შესახებ. კომისიამ ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურისთვის მიმართვაზე 26 მარტს იმსჯელა. წულუკიანის განცხადებით, ჯაფარიძის საქმეც პროკურატურას გადაეცემა.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით დაიწყო, რაც, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,  ითვალისწინებს.

კომენტარები