კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც "არასერიოზული და კომიკურია" მისვლას არ აპირებს.
"დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან.
მოწვევაც მივიღე - "სიგნალში".
მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ!
ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი ნაციონალური მოძრაობის - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს.
კარგად გამოკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული ნაცების მხარდაჭერაში.
ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის "ნაცმოსამართლე" და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ "ოცნების" რიგებში.
ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ!
ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.
სამწუხაროა, რომ "ოცნება" ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს.
აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას.
ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ.
ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!
P.S “ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტარსბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში "ოცნების" მხრიდან ცილისწამებაზე.
დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
24 მარტს ცნობილი გახდა, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.
განხილვა ეხება შპს მაგნატის საქმეს.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სსკ-ს 349-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დროებითი საგამოძიებო კომისია რიგით მე-4 სხდომას მართავს.





