გამოცემა New York Times თეთრი სახლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ 20 მარტს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომელშიც განათლების მინისტრს, ლინდა მაკმაჰონს, დეპარტამენტის დაშლას დაავალებს.
დეპარტამენტის დახურვა ვერ მოხდება კონგრესის გარეშე, რომელმაც ის თავდაპირველად ჩამოაყალიბა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გადადგა ნაბიჯები სააგენტოს უფლებამოსილების შეზღუდვისკენ და მნიშვნელოვნად შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა.
თეთრი სახლის ანონიმური მაღალჩინოსნების თქმით, ბრძანებაში ტრამპი მაკმაჰონს ავალდებულებს, განათლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილება შტატებს დაუბრუნდეს.
ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ტრამპმა ქვეყნის განათლების მინისტრის თანამდებობაზე კომპანია World Wrestling Entertainment-ის (WWE) თანადამფუძნებელი და ტრამპის გადაბარების გუნდის თანათავმჯდომარე, ლინდა მაკმაჰონი, დაასახელა.
მაკმაჰონი ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა და მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში იგი მცირე ბიზნესის ადმინისტრირების სამთავრობო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მას ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მილიონობით დოლარი აქვს შეწირული.
წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი განათლების დეპარტამენტს აკრიტიკებდა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში დეპარტამენტს გააუქმებდა.